“ნაციონალური მოძრაობა” თორნიკე რიჟვაძის საქმეზე მამუკა მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგაც გამოძიებას არ გაუსაჯაროებია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადგენდა, თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა თუ მას ესროლეს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ასევე ითხოვენ ოფიციალურ პასუხს, იმყოფებოდა თუ არა შემთხვევის დროს საგარეჯოში მამუკა მდინარაძე. პარტიის წარმომადგენელი მარიამ დოლიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე სხვა პოლიტიკოსების განცხადებები საკმარისი არ არის და საზოგადოებამ პასუხი უშუალოდ საგამოძიებო უწყებისგან უნდა მიიღოს.
ერთი წლის თავზეც კი წარმოდგენილი არ არის ექსპერტიზის დასკვნა, თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა თუ ესროლეს, რა ტრაექტორიით მოხდა გასროლა – ზურგიდან ესროლეს, გვერდიდან მოხდა გასროლა… ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა. საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ საგარეჯოში თორნიკე რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა მამუკა მდინარაძე. ამასთან დაკავშირებით ასევე არ არსებობს ოფიციალური ვერსია, იმყოფებოდა თუ არა მდინარაძე ადგილზე. ზარქუას და შარმანაშვილის კომენტარები რომ არ იყო იქ მამუკა მდინარაძე, ეს არ გვაინტერესებს. გვაინტერესებს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური ვერსია.
ასევე, არ არსებობს ამ დრომდე კამერების ჩანაწერები თუ რა ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, ვინ მივიდა საგარეჯოში იმ სახლში, სადაც მოხდა ეს საზარელი შემთხვევა და საერთოდაც, არ არსებობს ამ დრომდე ინფორმაცია, გამოიკითხა თუ არა თორნიკე რიჟვაძე, არსებობს თუ არა თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვის ოქმი. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი და ლეგიტიმური კითხვები, რომელიც გააჩნია საზოგადოებას და რომელზეც არა ქვს პასუხი, – ამბობს მარიამ დოლიძე.
ცნობისთვის, პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, ჭრილობები ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
