“ბოლოს 22-ში ვეკონტაქტე. ტელეფონი ჰქონდა დაზიანებული და ამიტომ შემდეგ დღეებში, გუშინწინ დავურეკე. რომ არ გადიოდა ზარი, ვიფიქრე არ გაუკეთებიათქო და გუშინ უკვე ასეთი ამბავი შევიტყვე. დაური და მე ისეთ საქმეს ვაკეთებდით, რომ იქ მუქარები ჩვეულებრივი ამბავია, მეც მემუქრებიან, დაურსაც ემუქრებოდნენ, მაგრამ ეს სოციალურ ქსელებს არ სცდება. გუშინ ექსპერტები ადგილზე იყვნენ მობილიზებული და ერთადერთი ის არის ცნობილი, რომ გარეგნული დაზიანება არ აქვს, ძალადობრივად არ გარდაცვლილა და ექსპერტიზის პასუხს ველოდები მე პირადად… ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მაგალითად, გუშინ ვიხსენებდით ყველაფერს და სასწრაფო გამოიძახა ორჯერ, გულის პრობლემა ჰქონდა. ზოგჯერ ძაან ნერვიულობდა. ესეთი საქმე სანერვიულოა, რასაც აკეთებდა” – ამბობს აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას მეგობარი ფორმულასთან.
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ბლოგერი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 2022 წელს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა. ბუავას გადაღებული ვიდეოების დიდი ნაწილი ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე იყო და ის აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა.
