თამბაქოს კონტროლის ალიანსი ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებებისა და ჯარიმების მკვეთრი გაზრდის ინიციატივით მიმართავს – ამის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.
ალიანსის განცხადებით, ბოლო დროს, სოციალურ და ციფრულ მედიაში გახშირდა ინფლუენსერებისა და სამედიცინო სფეროს წარმომდგენელთა მხრიდან თამბაქოს ალტერნატული ნაწარმის (ელ. სიგარეტი, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი და ნიკოტინის საწუწნი ბალიშები) უკანონო და არაეთიკური რეკლამა – პოპულარიზაცია, რისი ძირითადი სამიზნეც მოზარდები და ახალგაზრდები არიან.
როგორც ალიანსში აცხადებენ, მოქმედი კანონმდებლობით, 2018 წლიდან თამბაქოს ნაწარმის ჩამონათვალში შესულია თამბაქოს ალტერნატული ნაწარმი. შესაბამისად, აკრძალულია ელ. სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს, ნიკოტინის ბალიშების და სხვა მსგავსი ნაწარმის, აქსესუარის ან/და მათი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ინტერნეტით ან ფოსტით საცალო რეალიზაცია. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე
ჯარიმა 2000 ლარია, განმეორებისას – 4000 ლარი. ამავე პერიოდიდან აკრძალულია თამბაქოს ალტერნატიულ ნაწარმის, აქსესუარის ან/და მათი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით), „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების დარღვევისას ჯარიმა 5 000 ლარია.
