სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ახობაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.
ამასთან, იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე. ასევე, ლევან ახობაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები შეეხება ყველა იმ ეტაპს, როგორ ხორციელდებოდა ქრთამის მოთხოვნა და გადაცემა. ამასთან, გამოკითხულები არიან ის პირები, რომელთა მხრიდანაც თანხის გადაცემა მოხდა, ასევე გამოკითხულები არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ამ პროცესში ჩართულები იყვნენ. ლეკიაშვილის თქმით, მათ დასაკითხ მოწმეთა სიაში გრიგოლ ლილუაშვილი არ არის, თუმცა, საქმიდან ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება სხვა პირთა შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
