არაერთ პირს დავკითხავთ გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის შემადგენლობიდან, მათგან გვაქვს მოლოდინი, რომ სიმართლეს იტყვიან იმასთან დაკავშირებით, რომ რომეო მიქაუტაძე ე.წ. 14-კგ-იანი ხელბარგით გრიგოლ ლილუაშვილთან არ ყოფილა, – ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, დაცვის მხარის მოწმეებს კითხავენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას ლილუაშვილის დაცვის თანამშრომლები მისცემენ. ადვოკატის თქმით, აღნიშნული პირები დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სუს-ში შემსვლელი ყველა პირი მოწმდებოდა. ცერცვაძის განმარტებით, დასაკითხ მოწმეებს ლილუაშვილთან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე, რომელმაც სუს-ის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, არ უნახავთ.
„ბრალდების მხარე დეზინფორმაციის გავრცელებას აგრძელებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ მოწმეებთან დაკავშირებით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოწმეები არ სარგებლობენ ბრალდებულის სტატუსით და არც პოტენციური ბრალდებულები არიან, ესენი არიან ნეიტრალური მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ იმ ობიექტურ ჭეშმარიტებას, რომ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში არ მიუღია მონაწილეობა. ყურადსაღებია ის ნაწილი, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან როგორ ხდებოდა ვიზიტორების მისვლა. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი პირი მოწმდებოდა, აქედან გამომდინარე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე შეეცდება ეს ინფორმაცია გამოკვეთოს და ლილუაშვილის დაცვის წევრები დაკითხოს. ჩვენი მოწმეები დაადასტურებენ, რომ ყველა მიზეზის გარეშე, ნებისმიერი პირის შემოწმება ხდებოდა, თუკი, ის გრიგოლ ლილუაშვილთან უნდა მოხვედრილიყო. ამასთანავე, გარკვეული სახის ინფორმაცია გვაქვს, ვინაიდან მანამდე აღნიშნულ პირებთან გამოკითხვის ოქმები გვაქვს ნაწარმოები, რომ მათ რომეო მიქაუტაძე არასდროს უნახავთ გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში.
არაერთ პირს ვკითხავთ გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის მხარის შემადგენლობიდან, მათგან გვაქვს მოლოდინი, რომ იმ სიმართლეს იტყვიან, რომ რომეო მიქაუტაძე ნამდვილად ე.წ. 14-კგ-იანი ხელბარგით ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან არ ყოფილა. ძალიან საინტერესოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდების მხარე ამახინჯებს ინფორმაციას, თითქოს, შემოწმება არ ხდებოდა, საუბარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, წარმოუდგენელია, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პიროვნებას თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მასთან ვიზიტორი არ გაკონტროლებულიყო და არ შემოწმებულიყო”,- განაცხადა ცერცვაძემ.
მან ასევე უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა, ლილუაშვილის მოადგილის, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ლევან ახობაძის მხრიდანაც ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. სწორედ დღეს, გაიმართება ახობაძის საქმეზეც წინასასამართლო სხდომა.
„საერთოდ არ ვიცნობ ახობაძის სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ვიმედოვნებდი, რომ რომეო მიქაუტაძე ღირსებას შეინარჩუნებდა და ცრუ ინფორმაციას არ მიაწვდიდა სასამართლოს. თუმცა, მან თავისი კეთილდღეობიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში ალბათ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. თუმცა, ლევან ახობაძისგან მხოლოდ ის მოლოდინი მაქვს, რომ საკმაოდ ღირსეული იქნება და შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რომ ცრუ ინფორმაციას მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ კი არა, არავის მიმართ არ მიაწვდის”,- განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
