ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ვაჟი, 18 წლის ადამ კადიროვი ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის თავდაცვის სამინისტროს მედლით დააჯილდოვეს.
მან ე.წ. თავდაცვის სამინისტროსგან მედალი „საბრძოლო თანამეგობრობისთვის“ მიიღო.
მედალი კადიროვს გუდერმესში, ე.წ. რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტში ძალოვანი დანაყოფების ტაქტიკურ სროლაში ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცეს. აღნიშნულ დაწესებულებაში რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მებრძოლებს უკრაინის წინააღმდეგ ომში გასაგზავნად ამზადებენ.
ახალი მედლის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ინფორმაციას სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მისი ვაჟი “ურთიერთქმედების მაღალი დონისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის” დააჯილდოვა.
ადამ კადროვი ჯილდოებს 15 წლის ასაკიდან იღებს. პირველი ჯილდო მან ყურანის დაწვის საქმეზე გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ნიკიტა ჟურაველის ცემის შემდეგ მიიღო.
