2026 წლის იანვარ-ივლისში მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში შესული თანხა 26.7 მლნ ლარით (15%-ით) გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 205 818 468 ლარი შევიდა, მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 179 083 513 ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს, 12.8%-დან 13.9%-მდე გაიზარდა ავტომობილების აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხის წილი აქციზის გადასახადით დაგენერირებული თანხის საერთო მაჩვენებელში.
კერძოდ, 2026 წლის იანვარ-ივლისში ზოგადად აქციზის გადასახადიდან ხაზინაში შესული თანხა 1.483 მლრდ ლარს შეადგენდა, 2025 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1.399 მლრდ ლარი იყო.
ბიუჯეტში ავტომობილების აქციზიდან შესული თანხის მოცულობა აქციზის განაკვეთის ზრდას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლამდე გამოშვებული ყველა ავტომობილის განბაჟება გაძვირდა. ახალი კანონმდებლობით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამ კატეგორიაში, 2024-2025 წლებში გამოშვებული ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი ისედაც 1.5 ლარი იყო, თუმცა ცვლილება შეეხო 2020-2021-2022-2023 წლებში გამოშვებულ მანქანებს. აქამდე მოქმედი რედაქციით, ამ წლოვანების ავტომობილების განბაჟების ტარიფი 1 კუბურ სანტიმეტრზე 0.8-1.4 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
რაც შეეხება, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათ შემთხვევაში განბაჟების საფასური 4.5 ლარი გახდა, რაც ფაქტობრივად 5.6-ჯერ გაზრდილი ტარიფია. კანონის ძველი რედაქციით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟებისთვის ძრავის 1 კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრებოდა.
