ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს – ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი “პირველებთან” ამბობს, რომ “მას თავისი სიმართლე აქვს”.
მე ჩემი სიმართლე მაქვს თავიდან ბოლომდე,” – გვითხრა ბაჩუკი ჩხვიმიანმა.
ბაშიაჩუკ ჩხვიმიანის თქმით, პოლიციაში ნატა ვიბლიანის ოჯახთან დაკავშირებით გამოჰკითხეს. საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი განმარტავს, რომ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს კითხვები ჰქონდათ ნატა ვიბლიანი საცხოვრებელ სახლში კედლებზე არსებულ ნატყვიარებთან დაკავშირებითაც. ბაჩუკი ჩხვიმიანის თქმით, პოლიციამ უკვე გაჩხრიკა და მისი იარაღიც ამოიღო, თუმცა მისივე მტკიცებით, ტყვიები აღნიშნული იარაღიდან არ არის ნასროლი.
კი [ვიყავი პოლიციაში გამოკითხვაზე]. კითხვები იყო ნატა ვიბლიანის ოჯახზე. […]
არა, საიდან იქნება ჩემი იარაღიდან [ნასროლი ტყვიები სახლში], მე არ გამიკეთებია მაგი. კი, როგორ არა, რამდენჯერ გამჩხრიკეს, იარაღი მაკაროვი ამოიღეს. ყველამ იცის სოფელში ვინ ესროლა. ვინ იყო ახლა მე ხომ არ ვიტყვი. იტყვის ალბათ თავის დროზე ყველა. არა [არ არიან ის ადამიანები, ვისაც გაუპატიურებაში ადანაშაულებს]. არ ვიცი [რატომ ესროლეს], ნასვამზე ალბათ,” – ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი.
ცნობისთვის,პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
