“ივანიშვილის ქონება უნდა ჩამოერთვას და გადაეცეს ხალხს” – ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მათ დიდი ბრიტანეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრების სასწრაფო დასანქცირების მოთხოვნით მიმართეს.
შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ლონდონს ასევე სთხოვეს, გასცეს სასამართლო დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო.
ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ 2024 წლის მარტის დასაწყისში განხორციელებულმა ჩემმა ვიზიტმა ლონდონში, შეხვედრებმა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის სამივე წამყვანი პარტიის ფრაქციულ ლიდერთან, ლეიბორისტები, ლიბერალები, კონსერვატორები, საფუძველი დაუდო ოლიგარქიული რეჟიმის დასანქცირების დაწყებას და დღემდე უკვე ამ სასჯელის ქვეშ იმყოფებიან გენერალური პროკურორი, მაღალჩინოსნები, კრიპტო-სავალუტო კომპანიები, აგრეთვე რეჟიმის პროპაგანდისტული საშუალებები, როგორიცაა “იმედი” და ტელეკომპანია POSTV-ი. რა თქმა უნდა, სანქციების რისხვა მოუახლოვდა ბიძინა ივანიშვილს დიდი ბრიტანეთიდან და ამიტომ, მან სასწრაფოდ კაიმანის კუნძულებზე განლაგებული თავისი მილიარდიანი ქონება, ეს კუნძულები ბრიტანული იურისდიქციის ქვეშაა მოგეხსენებათ, სასწრაფოდ გადმოიტანა, გააფორმა მეუღლის სახელზე და დაარეგისტრირა ჩვენს საჯარო ეროვნულ რეესტრში. საქართველო მისთვის გახდა საწყობ-ლომბარდი, ხოლო ხალხი მძევლად აყვანილი კატეგორია, რომელიც წინ უნდა აიფაროს თავისი ბინძური მიზნების მისაღწევად.
ჩვენ მივმართეთ დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობის პრემიერ-მინსიტრს, მთავრობას, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის, ყველა სრულწლოვანი წევრის. მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ უნდა დავაფიქსიროთ, რომ აღნიშნული ოჯახი გადაიქცა კრიმინალურ-მაფიოზურ კარტელად, რომლის ფუნქცია მდგომარეობს ჩვენგან მოპარული მილიარდების და ქონების გადამალვაში.
ასევე ვთხოვთ ლონდონს, გასცეს სასამართლო დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო და მოგეხსენებათ, ქართველი ხალხი კაცობრიობის მოწინავე, უდიდესი ცივილიზაციური ნაწილია და ჩვენს წინააღმდეგ 14-წლიანი დივერსიული მოქმედება ზუსტად ჯდება ამ დასჯადი საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპის ფორმატში. გადმოტანილი ქონება, ჩვენგან მოპარული, მილიარდზე მეტია, ის მოიცავს აგრო კომპანიებს, ცათამბრჯენებს, სავაჭრო მოლებს, ჰესებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩამორთმეული იქნება და გადაეცემა ხალხს საკუთრებაში.
მთავარი ერთ-ერთი მომენტი, რაც საშუალებას აძლევს კრიმინალ ოლიგარქს ასე დაუსჯელად იმოქმედოს, გახლავთ მისი პარლამენტის მიერ მისი დაწერილი კანონის მიღება, რომლის თანახმადაც, ამ ქონების გადატანა-გადმოტანაზე არავითარ გადასახადს ბიუჯეტში არ იხდის. […]
მე მას მოვუწოდებ, ცივი გონებით იაზროვნოს, ჩააბაროს ხალხს მიტაცებული ძალაუფლება, დანიშნოს ახალი არჩევნები, მოაცილოს თავისი ბანდა “ქართული ოცნების” სახით, ქართულ პოლიტიკას. კიდევ შეიძლება იმ სამუდამო პატიმრობის მუხლში, რაც მათ ელოდებათ, რაღაცა შეღავათები გავრცელდეს, სხვა შემთხვევაში ის ქართველი ერისგან და მსოფლიო თანამეგობრობისგან სამუდამოდ უარყოფილი და მოძულებულია, სამართლიანად და დასაბუთებულად,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
