„სევილიას“ ოფიციალურმა გვერდმა გიორგი ქოჩორაშვილს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
„კლუბის თანამშრომლებისა და თანაგუნდელების წყალობით ადაპტაციის პერიოდი ძალიან გამიადვილდა და თავს უკვე კარგად ვგრძნობ. ასეთი ატმოსფერო ხშირად ცვლის მატჩებსა და ჩემპიონატის ბედს. ბევრი ვისაუბრე ოდისეი ვლახოდიმოსთან (საბერძნეთის ნაკრების მეკარე). ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში მათ წინააღმდეგ ვითამაშე და ბევრი რამ გვაქვს საერთო. ის პორტუგალიაშიც თამაშობდა და დავმეგობრდით, რამაც ადაპტაცია ბევრად გამიადვილა.
მწვრთნელს ვესაუბრე და სათამაშო სტილი ამიხსნა – ის მომთხოვნია, მაგრამ ეს ძალიან მსიამოვნებს. ბევრი უნდა ვიმუშავო, ძალიან „მშიერი“ და თავდაჯერებული ვარ.
ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ ძალიან შევიცვალე. ბევრი ვიშრომე, ბევრჯერ დავეცი და წამოვდექი. გავაცნობიერე, რომ შენ უნდა იყო პირველი, ვინც თანაგუნდელს დაეხმარება.
სტადიონზე შესვლისას ზოგჯერ გაქვს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეს შენი სახლი არ არის. „სევილიას“ არენაზე კი მივხვდი, რომ ეს ის სტადიონია, სადაც უნდა დავრჩე. ვიგრძენი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
…ჩემი ერთ-ერთი ოცნება საქართველოს ნაკრებში მოხვედრა იყო. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, რომელშიც საქართველო აქამდე არასდროს მოხვედრილა. ეს განსაკუთრებული რამ არის, რადგან ძალიან გაკავშირებს ხალხთან. დაახლოებით 3 მილიონი ვართ და ყველა ქუჩაში ზეიმობდა.
ქართულ ფეხბურთში ისეთი პერიოდია, როდესაც ბევრი მოთამაშე ჩრდილიდან გამოდის – ხუთი მათგანი უკვე ლა ლიგაშია, სხვები კი, მამარდაშვილის მსგავსად, პრემიერლიგაში. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს, რომელსაც მთელი გულით ვიცავთ“.
