“2012 წელს გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო ჩვენი ბრძოლა, ჩემს ოჯახის წევრს ციხეში მოკლავდნენ და ალბათ მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში წასვლა” – თქვა ღარიბაშვილმა 2025 წელს, პოლიტიკიდან წასვლის დროს გამართულ ბრიფინგზე
ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვარს დააკავეს. ფულის გათეთრების საქმეზე მას საპროცესო შეთანხმებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა
მოგვიანებით, 2026 წლის 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან განცხადება გაავრცელა, რომელშიც მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მთელ ხელისუფლებას დააკისრა. ღარიბაშვილი წერდა, რომ მას ახალი კორუფციული საქმის აღიარება მოსთხოვეს და სანაცვლოდ კი საპროცესო შეთანხმებას ისევ 5-წლიანი პატიმრობით დაჰპირდნენ, თუმცა პოლიტიკაში აღარ უნდა დაბრუნებულიყო. 18 აგვისტოს ექსპრემიერმა მეორე წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ივლისში წერილი მამუკა მდინარაძისგან მიიღო და იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა
ციხიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ ღარიბაშვილს 24 აგვისტოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში თქვეს, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ მისცეს. უწყების ცნობითვე, “ჯუანშერ ბურჭულაძემ 750 000 ლარი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს”. ღარიბაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრი ორჯერ იყო – ჯერ 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, შემდეგ კი – 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე. მოგვიანებით ის ოცნების თავმჯდომარედ 2024 წელს აირჩიეს. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მან 2025 წლის 25 აპრილს განაცხადა
