რუსეთში მოსალოდნელი მობილიზაციის ფონზე საქართველოში მიგრანტების ახალი ტალღის შემოსვლა სრულიად რეალურია, რაც პირდაპირ იმოქმედებს უძრავი ქონების ბაზარზე” – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას G.Miller International Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ნიკოლოზ ურუშაძე.
“ეს ტალღა ახლა დაიწყო და უძრავ ქონებაზე ასე სწრაფად აისახა თუ არა, ჯერჯერობით არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუმცა ამის მოლოდინი არსებობს. ბუნებრივია, ახალ მობილიზაციას ძალიან ბევრი ხალხი გაექცევა რუსეთიდან. მოლოდინები რეალურია, რადგან გაუთავებელი საუბრები მიდის მობილიზაციაზე. სულ რომ არაფერი გამოაცხადოს რუსეთმა, ადამიანებზე ეს მაინც მოქმედებს. ეშინიათ, შიში კი ხშირად მათი ქმედებების ძლიერი მამოძრავებელი ფაქტორია.
ასე რომ, არ გამოვრიცხავ, რადგან ის ხალხი, ვისაც გაქცევის საშუალება აქვს, გარბის. საქართველო რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა, სწორედ ამიტომ არაა გამორიცხული, რომ როგორც ადრე, ახლაც რუსების საკმაოდ დიდი ტალღა მოაწყდეს ქვეყანას.გვახსოვს ჩვენ, პირველ ნაკადზე რა რაოდენობის ხალხი შემოვიდა, თუმცა ბევრმა სამსახური ვერ იშოვა, ზოგს გაუჭირდა აქ ცხოვრება, რადგან საქართველო საკმაოდ ძვირია როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვისაც. ამიტომ, რაღაც ნაწილი უკან გაბრუნდა.
მაგრამ როცა რუსეთში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგება, ასეთ რამეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვნად თვლიან. თუნდაც საქართველო იყოს, ეს მაინც სხვა ქვეყანაში გაქცევის სივრცე და დროებითი თავშესაფარია, ამიტომაა დასაშვები, რომ მაინც ძალიან ბევრი ხალხი მოაწყდება. ვფიქრობ, მეორე ტალღა აუცილებლად დაიწყება.
იმიგრაციას თავისი პლუსები და მინუსები აქვს. უარყოფით მხარეებზე რომ ვისაუბროთ, საქართველო ისეა მოწყობილი, რომ როდესაც ასეთი დიდი ნაკადი შემოდის ერთი კონკრეტული ქვეყნიდან, მით უმეტეს რუსეთიდან, ეს ხალხი ჩვენი ეკონომიკის ნაწილი კი არ ხდება, ფაქტობრივად, ეკონომიკაში ქმნის თავის ავტონომიურ ეკონომიკას.რუსებს რომ შეხედოთ, თავიანთი ბიზნესები აქვთ, თავიანთი კაფე-რესტორნები. ფაქტობრივად, ჩაკეტილი ქვეყანა გააკეთეს ქვეყანაში და ინტეგრაცია არ ხდება.
ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პოლიტიკა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც 300 000 რუსს შეუძლია შემოვიდეს და აქ პატარა რუსეთი მოგიწყოს, თავიანთი სკოლებით, უნივერსიტეტებით და საერთოდ არ სჭირდებათ მათ არც ქართული და არც არაფერი სხვა. ეს დიდი პრობლემაა საქართველოსთვის.
რა თქმა უნდა, ისინი ქმნიან მოთხოვნას, რომელიც სწრაფად იზრდება. როდესაც მოთხოვნა იზრდება და მიწოდება ვერ ეწევა, ფასები მკვეთრად ავარდება ხოლმე უძრავი ქონების ბაზარზე, მერე კი დაკორექტირება ხდება. თუმცა, ვინც ახლა იჯარით არის დაკავებული, იმას ეს ძალიან აწყობს, რადგან ბოლო პერიოდში იჯარის ბაზარი საკმაოდ გაუარესებული იყო. მოთხოვნის ზრდა ავტომატურად ზრდის ფასებს. ეს ეკონომიკის ანიბანია და თუ ეს სურათი გვექნება, აუცილებლად უნდა ველოდოთ ფასების ზრდასაც“, – განაცხადა ნიკოლოზ ურუშაძემ.
