2026 წლის იანვარ-ივლისში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 58%-ით (130 მლნ ლარით), მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 30%-ით (37 მლნ ლარით) გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 7 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 353 915 403 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-ივლისში ეს მაჩვენებელი 223 865 716 ლარი იყო.
მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 7 თვეში ბიუჯეტში შესული 353.9 მლნ ლარიდან 286.116 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, წინა წლის იგივე პერიოდში ამავე მუხლით, ბიუჯეტში 181.103 მლნ ლარი შევიდა.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 163 896 900 ლარი შევიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში – 126 442 720 ლარი.
