საქართველოში გაყინული თევზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 33.145 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9 997 ტონა პროდუქტი შემოვიდა, ეს კი 2009 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (პორტალზე აღნიშნული მონაცემი ხელმისაწვდომი სწორედ 2009 წლიდან არის).
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, იმპორტის ღირებულება 24.8%-ითაა გაზრდილი. კერძოდ, 2025 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში 26.559 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9 879 ტონა გაყინული თევზის იმპორტი განხორციელდა.
გარდა ამისა, „საქსტატის“ საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს 1 კგ. პროდუქტის საშუალო საიმპორტო ფასი (გადასახადების გარეშე) 23.4%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, თუ 2025 წლის იანვარ-ივლისში 1 კგ. გაყინული თევზის საშუალო საიმპორტო ფასი 2.69 აშშ დოლარს შეადგენდა, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3.32 აშშ დოლარი იყო.
რაც შეეხება მთავარ საიმპორტო ქვეყნებს, აღსანიშნავია, რომ 20.9%-იანი წილით (ღირებულებით ნაწილში), გაყინული თევზის მთავარი მომწოდებელი საქართველოში ჩილეა.
უფრო კონკრეტულად, 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ 2026 წლის პირველ შვიდ თვეში ყველაზე მეტი რაოდენობით გაყინული თევზი იყიდა, იყო:
ჩილე – 6.918 მლნ აშშ დოლარის 1 072 ტონა;
ისლანდია – 3.960 მლნ აშშ დოლარის 1 152 ტონა;
აშშ – 3.394 მლნ აშშ დოლარის 1 254 ტონა;
ნორვეგია – 2.398 მლნ აშშ დოლარის 574 ტონა;
ესპანეთი – 1.726 მლნ აშშ დოლარის 779 ტონა.
