აშშ-ში, ორი პატარა გოგონა ძიძასთან ერთად გაუჩინარდა. ატლანტაში, 4 წლის ზოლა კუპერი და მისი 11 თვის და, ნორა, დედამ ძიძას ჩააბარა, თუმცა ბავშვები სახლში აღარ დაბრუნებულან. პოლიციამ მათი ძებნა დაიწყო და საბოლოოდ, გოგონები ჩაკეტილ ტრაილერში იპოვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შემთხვევა 15 აგვისტოს დაიწყო. ბავშვების დედას ძიძა დაახლოებით ერთი წლის წინ სოციალურ ქსელში გაეცნო. 42 წლის ლაკეშა ბრაუნი მას ძიძის მომსახურებას სთავაზობდა.
იმ დღეს ძიძამ დედას უთხრა, რომ ბავშვებს მაღაზიასა და გასართობ ადგილას წაიყვანდა. თუმცა გოგონები სახლში აღარ დაბრუნებულან. დედამ ძიძასთან დაკავშირება სცადა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. მოგვიანებით ქალმა სხვადასხვა მიზეზი დაასახელა, მათ შორის, თქვა, რომ თითქოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და ბავშვები ბავშვთა დაცვის სამსახურთან იყვნენ. პოლიციამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
პოლიციამ მალე დაასკვნა, რომ ბავშვები შესაძლოა გაეტაცებინათ.
საბოლოოდ, პოლიციამ ბრაუნის ადგილსამყოფელი ატლანტაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში იპოვა. პოლიციელმა ტრაილერიდან ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა.
ტრაილერი ჩაკეტილი იყო. პოლიციამ კარი გააღო და შიგნით ორი გოგონა და ბრაუნი იპოვა. ბავშვები მაშინვე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ტრაილერში პირობებიც მძიმე იყო. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, იქ კონდიციონერი არ მუშაობდა და ადგილი სუფთა და საცხოვრებლად შესაფერისი არ იყო. იმ დღეს ატლანტაში ტემპერატურა დაახლოებით 36°C იყო.
გოგონები საავადმყოფოში გადაიყვანეს შესამოწმებლად. პოლიციის ინფორმაციით, ორივე ბავშვი კარგად არის და ისინი ოჯახს დაუბრუნეს.
გამოძიების დროს პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ ბრაუნს ალაბამაში რამდენიმე წლის წინ მსგავს საქმეზე ბრალდება ჰქონდა. პოლიციის ინფორმაციით, 2021 წელს ის 4 დღის ჩვილის გატაცებაში დაადანაშაულეს.
ამ ეტაპზე პოლიციას ზუსტად არ აქვს დადგენილი, რატომ წაიყვანა ქალმა ბავშვები. ბრაუნი დაკავებულია და მას გატაცებისა და ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებები აქვს წაყენებული.
