“კრედიტინფო საქართველოს” მონაცემებით, 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, 375 188 მსესხებელს აღერიცხება 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება სესხებზე. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 23,2% სესხს ვერ იხდის (“საქსტატის” ბოლო მონაცემებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაა 1 613 650). სულ კი საფინანსო სექტორის ვალი 1 996 116 კაცს აქვს: ანუ დაახლოებით 4-მილიონიან ქვეყანაში სესხი ყოველ მეორე მოქალაქე აქვს და მათგან თითქმის მეოთხედი სესხს ვერ იხდის.თანაც, ეს რაოდენობა მზარდია: იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, რომელთაც სესხებზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აღერიცხებათ, ბოლო ერთი წელიწადში 9 004-ით, ხოლო ერთი თვის განმავლობაში – 1 627 პირით გაიზარდა. რაც შეეხება ამ ვადაგადაცილებული სესხების დარჩენილ ჯამურ ვალდებულებას, ნაშთი 3,062 მილიარდ ლარს აღწევს, საფინანსო სექტორის გაცემული სესხების 3,8%-ს.
რას ნიშნავს ეს მონაცემები ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლება მაღალი ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს, “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე განმარტავს.
– ვადაგადაცილებული და უმოქმედო სესხების რაოდენობა მზარდია. მართალია, ზრდის ტემპი ზოგჯერ ნელია, მაგრამ თავად მაჩვენებელი – 375 000 პრობლემური სესხი საკმაოდ მაღალია. საინტერესოა, რომელ საფინანსო ინსტიტუტებზე მოდის ეს წილი. ხშირად მიიჩნევენ, რომ პრობლემების სათავე ბანკებშია, რადგან მათ ყველაზე დიდი პორტფელი და მომხმარებელთა რაოდენობა აქვთ, თუმცა რეალობა სხვაგვარია. მთლიან საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 2%-ს არ აღემატება და ეს მაჩვენებელი “კოვიდის” პანდემიის დროსაც კი შენარჩუნდა.
