ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 19 წლის კუნალ ჩანდგუდემ iPhone განვადებით შეიძინა, თუმცა მისი ყოველთვიური გადასახადების დაფარვა გაუჭირდა. მორიგი შენატანისთვის ბიჭმა მშობლებს ფული სთხოვა, რასაც ოჯახში მწვავე კამათი მოჰყვა.
კამათის შემდეგ კუნალი სახლიდან წავიდა და ტისგაონის რაიონში, ხავდია დუნგარის გორაკზე ავიდა, საიდანაც თვითმკვლელობით იმუქრებოდა. მისი მშობლები შვილს უკან გაჰყვნენ და დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარწმუნებას. ადგილზე პოლიცია, მეხანძრეები და ადგილობრივებიც მივიდნენ.
სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე მყოფები ბიჭს ეუბნებოდნენ, რომ თუ ტელეფონის შენარჩუნება უნდოდა, ამ საქმეს მოუგვარებდნენ. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის კიდეც შეთავაზება: “თუ iPhone გინდა, აიღე“, რის შემდეგაც მას iPhone 15 Pro-საც ჰპირდებიან. თუმცა კუნალი მაინც უარზე იყო და ამბობდა, რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა.
დაახლოებით სამი საათის შემდეგ, როდესაც ბიჭი გორაკის კიდესთან იმყოფებოდა, მამა მასთან მივიდა და შეკავება სცადა. რა დროსაც ორივემ წონასწორობა დაკარგა და ხევში გადავარდა. დედა, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო, რამდენიმე წუთში ასევე გადავარდა. სამივე მათგანი დაიღუპა.ადგილზე მისულმა მაშველებმა ცხედრები ამოიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.
