„როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
როგორც მან განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინა დღეებში გავრცელებული განცხადებები სავარაუდოდ პრევენციულ ხასიათს ატარებდა.
„ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
