საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელს უმასპინძლა და ამხანაგურ მატჩში 101:90 დაამარცხა.
ისრაელის ეროვნულმა ნაკრებმა მატჩი დომინაციით დაიწყო და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით დაამთავრა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა და მეტოქე ნაკრებს პირველ ტაიმში 2-ქულიანი უპირატესობით სძლია.
რაც შეეხება დარჩენილ ორ მეოთხედს, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, საბოლოოდ “ჯვაროსნებმა” მაინც სძლიეს მოწინააღმდეგეს და 11-ქულიანი სხვაობით გამარჯვება გაიფორმეს.
ნაკრებში ეფექტური პერფორმანსი აჩვენეს NBA-ში მოასპარეზე გოგა ბითაძემ, რომელიც 22 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, და სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების ბოლო ვარჯიშის გამოტოვება მოუწია, მატჩში 20 ქულა მიითვალა.
ასევე შედეგიანი მატჩი ჰქონდა კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელმაც 19 ქულა დააგროვა, რატი ანდრონიკაშვილმა კი მეტოქის კალათში 11 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში ასპარეზობის უფლება და 28 აგვისტოს თბილისში ჯერ მონტენეგროსთან გამართავს თამაშს, ხოლო 31-ში პორტუგალიასთან – სტუმრად.
