საქართველოს სუვერენიტეტი, ერთიანი სამართლებრივი სივრცე, მოქალაქეთა თანასწორობა და დევნილთა უფლებების აღდგენა – ვერ იქნება დამოკიდებული რომელიმე ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფის თანხმობაზე – ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა გვარამია ავრცელებს.
“ეს ფედერალისტების პოზიციაა, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო. სრულად რომ ნახოთ, ტაბულას ლინკს კომენტარში ვდებ, მოკლე ამონარიდი კი ამგვარია:
“არც დეოკუპაცია, არც საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა და არც ქართველ დევნილთა დაბრუნების უფლება არ შეიძლება იქცეს აფხაზების თანხმობაზე დამოკიდებულ საკითხად.
ეს არ არის კომპრომისი, რომელსაც ვინმე საქართველოს „დაუთმობს“, და არც პოლიტიკური გარიგების საგანი.
თუ შეიქმნება რეალური პირობები დეოკუპაციისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, ადგილობრივ პოლიტიკურ აქტორებთან მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს ამ პროცესის პრაქტიკული განხორციელება – გარდამავალი პერიოდის ადმინისტრაციული საკითხები, უსაფრთხოების მექანიზმები, ინსტიტუციური მოწყობის კონკრეტული ფორმები და სხვა ტექნიკური თუ ლოჯისტიკური საკითხები.
მაგრამ ფუნდამენტური საკითხები – საქართველოს სუვერენიტეტი, ერთიანი სამართლებრივი სივრცე, მოქალაქეთა თანასწორობა და დევნილთა უფლებების აღდგენა – ვერ იქნება დამოკიდებული რომელიმე ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფის თანხმობაზე.
ევროკავშირი, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს აფხაზებთან საერთო მომავლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მაგრამ ევროკავშირი ვერ იქნება გენოციდის შედეგად შექმნილი სტატუს -კვოს ლეგიტიმაციის ფასი.”
❗️ისევე, როგორც სააკაშვილის პოზიციას, ამ პოზიციასაც არაფერი აქვს ანტიკონსტიტუციური, ან საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო. პატრიოტული ყურისთვისაც მშვენიერია, სამართლებრივადაც გამართული და ისტორიული ლოგიკითაც ნაკარნახევი. მიუხედავად განსხვავებებისა, რომ დაწურო, ფედერალისტების პოზიციაც და სააკაშვილისაც დადის შეიარაღებული კონფლიქტის გარდაუვალობამდე. გინდა კონსტისტუციური წესრიგის აღდგენა დაარქვი, გინდა დეოკუპაცია, შეიარაღებულ კონფლიქტად დარჩება მაინც.
საქმე იმაში არაა, რომ აფხაზების თანხმობა სჭირდება ორივე ხსენებული პარტიის მიერ განსხვავებულად ფორმულირებული ლეგიტიმური მიზნების დაცვას: ფორმალურად ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ, თუ შეიარაღებული კონფლიქტი გვინდა გამოვრიცხოთ, ამის გარეშე ეს მიზანი მიუღწეველია.
❗️საქმე იმაშია, რომ, ჩემი აზრით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აფხაზების დარწმუნება იმაში, რომ ორმხრივი ურთიერთსასარგებლო შეთანხმება მაღალი ევროპული გარანტიით მათთვის უკიდურესად სასარგებლო იქნება და ცივილიზებული სამყაროს ყველაზე მდიდარ და დაცულ, ელიტარულ კლუბში მოახვედრებს ჩვენთან ერთად. ამის გარეშე, ჩემი წარმოდგენით, შეიარაღებული კონფლიქტი მართლაც გარდაუვალია და არსაიდან არ იკითხება არც ამ ეტაპზე და არც გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი ევროპული გეზის გარდაუვალი აღდგენის და რუსეთის გარდაუვალი დასუსტების ფონზეც კი, რომ სწრაფი სპეცოპერაციით სიტუაციის კუპირება თეორიულადაც კი მოხერხებადია. ნაცმოძრაობისა და ფედერალისტების აქამდე ცნობილი პოზიციებით, ეს შესაძლებელია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრიორიტეტული გზაა. მე არ ვიცი, რას ემყარება მათი ეს პოზიცია და არც ის მგონია, რომ ქართველი ხალხის მოსაზრებას ემთხვევა. ხალხის, ანუ იმ სუბიექტის, ვინც არა მხოლოდ მიზნებს განსაზღვრავს, არამედ სტატეგიასაც, განსაკუთრებით, როცა საკითხი ფუნდამენტურ და მასშტაბურ შინაარსსა და ფორმას ეხება.
როცა ამგვარ განაცხადს აკეთებ, რასაც ენმ და ფედერალისტები, მნიშვნელოვანია, გარდაუვალი მსხვერპლის შესახებაც თქვა ღიად და მკაფიოდ, და არა ბუნდოვნად და მიკიბვ-მოკიბვით. ხალხმა უნდა იცოდეს შენი სტრატეგიის ფასი და ამით გადაწყვიტოს, ამ სტრატეგიაში გამოგყვება თუ არა. კი, შეიარაღებულ კონფლიქტს ხალხურ ენაზე ქვია ომი. ხალხურზე, მაგრამ არა სამართლებრივზე, რადგან აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებს.
❗️ის, რომ საქართველოს კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი არმია უნდა ყავდეს, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და ასე შემდეგ, ტრუიზმია, რომელსაც დამატებითი აღნიშვნა, ჩემი ზარით, არც სჭირდება. ბოლობოლო, რაც მთავარ გასაღებად მიმაჩნია ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ანუ ევროკავშირის წევრობა, გაწევრების ერთერთ პირობად სწორედ ამგვარი არმიის ყოლას მოითხოვს.
❗️საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ფედერალსტებიც და ნაცმოძრაობაც არ განიხილავენ ძლიერ არმიას უბრალოდ დარწმუნების ინსტრუმენტად, არამედ მისი გამოყენების გარდაუვალობაზე აფუძნებენ საკუთარ პოზიციებს. თუმცა არც მოლაპარაკებას გამორიცხავენ. ოღონდ ორივეს ხედვაში საკითხის საბაზისო გადაწყვეტა სამხედროა გზაა, ხოლო მოლაპარაკება კი ფორმალური კომპონენტია, რომელიც უფრო შეიარაღებულ კონფლიქტში დამარაცხებულის მიერ კაპიტულაციის შედეგების გაფორმებად გამოიყურება, ვიდრე საკითხის გადაწყვეტის ფორმატად. როგორც დავწერე, ორივე კონცეპცია შეიარაღებული კონფლიქტის გარდაუვალობას ემყარება, რასაც მე არ ვეთანხმები.
❗️ჩემი პოზიცია განსხვავებულია: ევროკავშირის წევრობის კართან მდგომი საქართველო, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და აფხაზური უმცირესობისთვის მაღალ ევროპულ გარანტიებზე თანხმობით (ევროკავშირის გარანტია მნიშვნელოვანია, რადგან გარანტორი საქართველო ნულოვანი ნდობისაა აფხაზებისთვის), განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუციებით (არმიაც მათ შორისაა), სთავაზობს აფხაზებს წინადადებას, რომელზეც ისინი უარს ვერ (სწორედ ვერ) იტყვიან. არაა სიმართლე, რომ “აფხაზებს თავი მოვაწონოთ” ყბადაღებულ თეზას ვიმეორებ. არა: ევროკავშირის წევრობა და მაღალი გარანტიები შემომაქვს განტოლებაში და უმაღლესი ეკონომიკური დინამიკა შუა დერეფნისა და ანაკლიის პორტის სახით. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ომი არ იქნება, ყოფითი გაგებით ომი, გნებავთ, შეიარაღებული კონფლიქტი. ის რომ ვინმე მესამე მხარე ომს არ დაიწყებს ოდესმე, მე ვერ მეცოდინება და ვერც ერთ ქართველს. ან ჩვენი მოკავშირეები მთავარი უსაფრთხოების გარანტია რომაა ჩვენთვის, ასევე ტრუიზმია და ისედაც ცხადი მგონია.
თუმცა, თუ ქვეყანას ევროკავშირის წევრობამდე მივიყვანთ, ევროკავშირთან ომის დაწყება რომ თითქმის გამორიცხულია, ესეც ფაქტია. და კი, ამ გაგებით, “ომი არ იქნება” კიდევ უფრო მეტად იძენს რეალისტურობას”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
