შვიდ თვეში საქართველოდან ირანში შვიდი ათასამდე მანქანა გაიყვანეს – საქსტატის ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ირანის რეჟიმთან ექსპორტის მაჩვენებელი 78,458%-ით არის გაზრდილი.
კორუფციის მკვლევარის და კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის, ბესო დონაძის თქმით, სქემა, რომლითაც ავტომობილები ირანში გადის საქართველოს უსაფრთხოებისთვის საშიშია.
“ქართული ოცნება” ძალიან ცუდ გზას დაადგა ამ მიმართულებით. ფაქტობრივად, საქართველოს ამ ქმედებების გამო ემუქრება იზოლაცია – აცხადებ დონაძე.
სქემა, რომლითაც ავტომობილები გადის ირანში, თითქმის იდენტურია, როგორიც იყო და როგორიც არის და ფუნქციონირებს დღეს და ავტომობილები გადის რუსეთში. აღნიშნული სქემები საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და უსაფრთხოებისთვის არის საკმაოდ საშიში. ჩვენ ასევე გვაქვს რამდენიმე მაგალითი – ეს არის ფულის გადახურდავება, ანუ კრიპტო-სქემა, რომელიც ასევე ირანთან მიმართებაში იყო და შტატებმა ეს კომპანია დაასანქცირა. ქართული ოცნება ძალიან ცუდ გზას დაადგა ამ მიმართულებით. ფაქტობრივად, საქართველოს ამ ქმედებების გამო ემუქრება იზოლაცია, ჯერ ისედაც იზოლაციაში ვართ და შესაძლოა, კიდევ უფრო საგანგაშო შედეგები ადდგეს. არ შეიძლება იმ ქვეყნებთან სავაჭრო-ურთიერთობების გაბმა, რომელი ქვეყნებიც არიან ომში ჩართულები, რომელიც ქვეყნებიც საშიშია ცივილიზებული სამყაროსთვის. ანუ არც ერთ შემთვევაში არ შეიძლება ირანთან და ირანის ამჯამინდელ რეჟიმთან თანამშრომლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ამას ეწირება საქართველოს ეროვნული ინტერესები”, – ამბობს ბესო დონაძე.
საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოდან ირანში 119 მილიონი დოლარის ღირებულების 6,749 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა – საუბარია იანვარ-ივლისის პერიოდიზე.
შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ავტოექსპორტი მხოლოდ 7 ავტომობილს შეადგენდა, მისი ღირებულება კი 151 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად, წელს თანხობრივად ირანში ავტოექსპორტი 78,458%-ით გაიზარდა.
ამ მაჩვენებლით ირანმა პირველად საქართველოს ავტოექსპორტის რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ყირგიზეთის და ყაზახეთის შემდეგ.
ცნობისთვის, ირანში ავტოექსპორტი 2026 წლის 28 თებერვლის, ანუ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გააქტიურდა.
