“ქალბატონო თაია, საჯარო და სატელევიზიო გამოსვლა არ მსურს… 2014 წლიდან ყველა ჩემი ჩვენებაა გამომძიებელთან და იგივე აქვს თავად სოფოს ჩემგან მოსმენილი. სხვას ვერაფერს დავამატებ თქვენთან საუბარში.“ – ასე პასუხობს სოსო ტურაშვილი – მძღოლი, რომელმაც გურამ დადიანიძე 12 წლის წინ ლომისაში წაიყვანა ჟურნალისტ თაია გამთენაძეს თხოვნას ინტერვიუზე.
საქმე ეხება 2014 წელს გაუჩინარებულ 17 წლის გურამ დადიანიძეს. დედა მას 12 წელია უშედეგოდ ეძებს. 2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების 14-კაციანი ჯგუფი ჩავიდა, მათ თან ერთი ზრდასრული ადამიანიც ახლდათ – ბიჭის მამიდის ახლობელი. თავდაპირველი ვერსიით, მოზარდთან მყოფი პირები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსულ თანატოლებს უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა. დედის თქმით, ჯგუფი თბილისში ჩავიდა, მათ დაკარგული ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ გურამს გზა აერია და ჰკითხეს, ხომ არ მისულა მასთან. დედის ვერსიით, ექსკურსიაზე მყოფებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს – მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე არ ჩამოჯდა და მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა. სოფიო ბიბილაშვილი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, მის გურამს ფეხი დაუცდა შემდეგ კი იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა. ბიბილაშვილი საგამოძიებო უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებს. წლების განმავლობაში ის საქმის ხელახალ გამოძიებასა ითხოვდა. რამდენიმე კვირის წინ სოფიო ბიბილაშვილმა ამ ყველაფერზე გადაცემაში „შენი ამბავი” თაიასთან ისაუბრა.
