საქართველო ხანდაზმული მოგზაურებისთვის საუკეთესო ქვეყნების 40-ეულშია – Firebird Tours-ის ახალი რეიტინგისაქართველო ხანდაზმული მოგზაურებისთვის საუკეთესო ქვეყნების 40-ეულშია – Firebird Tours-ის ახალი რეიტინგი
ამერიკულმა კომპანია Firebird Tours-მა ხანდაზმული მოგზაურებისთვის, ანუ 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ყველაზე შესაფერისი მიმართულებების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც საქართველო 36-ე ადგილზეა.
რეიტინგი კომპანიის ვებგვერდზე ვრცელდება.
ექსპერტებმა სულ 100 ქვეყანა შეისწავლეს და ისინი შვიდი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით დაახარისხეს. ეს არის 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი; მუზეუმებში ხანდაზმულებისთვის ფასდაკლებები; საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი ფასდაკლებები; ფეხით მოსიარულეთათვის მოსახერხებელი ინფრასტრუქტურა; ჯანდაცვის სისტემის ხარისხი და საიმედოობა; უსაფრთხოება და ხანდაზმული მოგზაურებისთვის მიმზიდველი კულტურული ღირსშესანიშნაობების რაოდენობა.
კულტურული მდგენელი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისა და Michelin-ის ვარსკვლავიანი რესტორნების რაოდენობის მიხედვით შეფასდა.
საქართველოში 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 16.70%-ს შეადგენს, მაშინ, როცა რეიტინგის ლიდერი ქვეყნის, იაპონიის ეს მაჩვენებელი 29.5%-ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია შესწავლილ 100 ქვეყანას შორის. ამასთან, მათთვის მუზეუმებში ფასდაკლებებით საქართველოს 25%-იანი მაჩვენებელი უწერია, მაშინ, როცა იაპონიაში ის 100%-იანია. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი ფასდაკლებები საქართველოში 80%-ით, იაპონიაში კი 90%-ით არის შეფასებული.
მოსახერხებელი საფეხმავლო ინფრასტურქუტრით საქართველოს და იაპონიას ორივეს თანაბარი, 5%-იანი ქულა აქვს. ჯანდაცვის სისტემის ხარისხითა და საიმედოობით საქართველოს 52.60%-იანი ქულა იაპონიის 60.50%-იან მაჩვენებელზე ნაკლებია. თუმცა ხანდაზმული მოგზაურებისთვის მიმზიდველი კულტურული ღირსშესანიშნაობების რაოდენობით საქართველოს 2.07%-იანი მაჩვენებელი იაპონიის 1.49%-იანზე მეტია, ისევე, როგორც უსაფრთხოების მხრივ იაპონიის 22.20%-იანი მაჩვენებელი, საქართველოს 26.90%-იანზე ნაკლებია.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობით საქართველოსა და იაპონიის ქულები 4-ის 26-ის წინააღმდეგაა, ხოლო Michelin-ის ვარსკვლავიანი რესტორნების რაოდენობით საქართველოს ნულოვანი, იაპონიას კი 351-ქულიანი მაჩვენებელი აქვს.
რეიტინგში მეორე ადგილზე გერმანიაა. იაპონიის მსგავსად, გერმანიაშიც დიდი რაოდენობით პენსიონერია და ხანდაზმულები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფასდაკლებებს იღებენ. მათთვის გერმანიაში უამრავი კულტურულ ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის, UNESCO-ს 54 ძეგლი და Michelin-ის ვარსკვლავიანი 336 რესტორანია.
მესამე ადგილზე ესპანეთია. ქვეყანამ განსაკუთრებით კარგი შედეგი ფეხით მოსიარულეთა კატეგორიაში აჩვენა, რომლითაც მადრიდმა ყველაზე მაღალი ქულა მიიღო. ასევე, ხანდაზმული ტურისტებისთვის მუზეუმებში ფასდაკლებები მოქმედებს, თუმცა ესპანეთში ტრანსპორტირების შეღავათები, ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.
Firebird Tours-ის მიხედვით, ხანდაზმული მოგზაურებისთვის ყველაზე შესაფერისი ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:
იაპონია
გერმანია
ესპანეთი
სლოვენია
შვეიცარია
ავსტრია
დანია
ფინეთი,
ნიდერლანდები
კანადა
იტალია
