თუ ეს მოცემულობა გაგრძელდა, ადგილობრივი ფერმერები გაკოტრდებიან და ეს მიწები სხვის ხელში გადავა“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ წელს მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის დეფიციტს პროგნოზირებენ, რაც ადგილობრივ ბაზარზე არსებული ისედაც მცირე მოსავლის ფონზე, პროდუქციაზე ფასები მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.
შესაბამისად, ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება სასწრაფოდ, ახლავეა საჭირო.
„როგორც აცხადებენ, მომავალ წელს მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტი იქნება. ისედაც ნაკლებია წელს მოსავალი და აქ თუ ვერ დავთესავთ და მოვიყვანთ, მერე ნახონ ფასების გაქცევა. სანამ გვიანი იქნება, ახლავე, სასწრაფოდაა გადაწყვეტილება მისაღები.
საქმე იმაშიც არ არის, რომ ფერმერებს დათესვა აღარ უღირთ. უბრალოდ, ფიზიკურად გაუჭირდებათ, რადგან 5-10%-მა მოსავალი უკვე 45-50 თეთრად გაყიდა.
იძულებულები იყვნენ ეს გაეკეთებინათ, რადგან საწყობი არ ჰქონდათ, რომ დაესაწყობებინათ. პლიუს ამას, ვალდებულებებმა მოუწიათ: კომბაინი, მანქანა… როგორ დაგაცდის, ხომ? და იძულებულია ადამიანი, 50 თეთრად გაყიდოს პროდუქცია, მაგრამ ამ 50 თეთრის მყიდველიც ჭირს, ისეთი მდგომარეობაა.
პრობლემებია მიწის საიჯარო გადასახადების კუთხითაც. სახელმწიფო მიწაზე გადასახადი 15-ჯერ გაძვირდა. ეს ბოლო 2-3 კვირის ამბავია. ჯერ ისედაც ამხელა წნეხის ქვეშ არიან ფერმერები და ასეთი გადასახადის შემოღება კატასტროფაა მათთვის.
ყველაფერი ეს იმას გამოიწვევს, რომ ვერ დაითესება ფართობები და ვერ დამუშავდება სათანადოდ. ზოგი ტრაქტორს ყიდის, ზოგი მიწას… ბანკში აქვთ ჩადებული მიწები ფერმერებს, კოტრდებიან და არის მძიმე მდგომარეობა.
თუ ეს მოცემულობა გაგრძელდა, ადგილობრივი ფერმერები გაკოტრდებიან და ეს მიწები სხვის ხელში გადავა.
ჩაგვიყოლა ამ რუსულმა და უკრაინულმა მარცვალმა (თუმცა უკრაინული ნაკლებად შემოდიოდა ისედაც). ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ ის 2-3 თვის მარაგიც აღარ გვექნება, რასაც თავად ვაწარმოებთ. სამომავლოდ კი, ეს ფასების ზრდას გამოიწვევს.
რუსეთსა და უკრაინაშიც ცუდი მდგომარეობას პროგნოზირებენ სამომავლოდ და იქიდანაც რომ აიწევს ფასები, ადგილობრივ ბაზარზე პირდაპირ აისახება.
ჩვენ კიდევ აქ მოსავალი არ გვექნება და ფასები ძალიან გაიზრდება, მათ შორის, პირველ რიგში, პურ-პროდუქტებზე. მერე ეს აისახება, თავისთავად, ხორცზე, კვერცხზე, რძეზე და ა.შ. ყველაფრის საფუძველი არის მარცვალი“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ნიკოლოზ ბენიაიძემ.
