„მონაცემები, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის საგანგაშო და მზარდი“, – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემები.
შეგახსენებთ, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით, 23.2% სესხს ვერ იხდის.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 375 188 მსესხებელს, საქსტატის ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) რაოდენობა 1 613 650-ს შეადგენს.
ამასთან, „კრედიტინფოს“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საფინანსო სექტორის ვალი 1 996 116 ადამიანს აქვს, (მოსახლეობის რაოდენობა 3 941 100 – წყარო „საქსტატი“), ეს კი თითქმის ყოველი მეორე ადამიანია.
როგორც გიორგი კეპულაძე აცხადებს, მონაცემები ცხადყოფს, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, მხოლოდ ფურცელზეა.
„ეს მონაცემები, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის საგანგაშო და მზარდი. აქ აღსანიშნავია, რომ პროცენტულად ვადაგადაცილებულ და ე.წ. უმოქმედო სესხებში ყველაზე დიდი წილი მოდის არასაბანკო დაწესებულებებზე – ლომბარდებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და არა, ვთქვათ, ბანკებზე.
პროცენტულად რომ შევხედოთ, ბანკებს, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი პორტფელი აქვთ გასესხებული და გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავთ, მაგრამ ამ მოცულობასთან შედარებით, ვადაგადაცილებული სესხების წილი გაცილებით დაბალია, ვიდრე არასაბანკო დაწესებულებების შემთხვევაში.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როდესაც სესხი გაიცემა ფინანსური შესაძლებლობების და საკრედიტო ისტორიის შესწავლის გარეშე, დიდი ალბათობაა, რომ ეს თანხა უკან ვერ დაბრუნდეს, ან დროულად ვერ დაბრუნდეს.
შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ბანკების შემთხვევაში კიდევ უფრო გამკაცრდა შემოსავლების დადასტურების და საკრედიტო ინფორმაციის შესწავლის ვალდებულება, უმოქმედო სესხების წილი შემცირებულია.
როდესაც ადამიანი 3 თვეზე მეტია სესხს ვერ იხდის, ის, დიდი ალბათობით, უკვე საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშეა. როდესაც ქვეყანაში 375 ათასი ასეთი ადამიანია და მაჩვენებელი მზარდია, ეს მიუთითებს, რომ პრობლემებია შემოსავლებთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია იმისა, თუ რატომ არის ჩვენი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ და მხოლოდ „ფურცელზე“ და რატომ ილექება ქვეყანაში შემოსული შემოსავლები ძირითადად, გარკვეული ელიტის ჯიბეში.
თუ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, ესე იგი, ადამიანებს შემოსავალიც უნდა ეზრდებოდეთ და დასაქმებაც, მაშინ რატომ გვეზრდება პრობლემური მსესხებლების რაოდენობა?
მსესხებლების რაოდენობა მზარდ ეკონომიკაში შეიძლება გაიზარდოს იმის გამო, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ ხვალინდელი დღის იმედი, უფრო ოპტიმისტურად განეწყონ, დიდი გეგმები დასახონ, შეიძინონ უძრავი ქონება, ავტომობილი, საყოფაცხოვრებო ნივთები ან დაისვენონ და ამაში დახარჯონ თუნდაც სესხით აღებული ფული. თუმცა, ჩვენთან ძირითადად, სწორედ ეს ე.წ. ვადაგადაცილებული სესხები იზრდება.
თან, მით უმეტეს, არასაბანკო დაწესებულებების. წარმოიდგინეთ, ესენი არიან ადამიანები, ვისაც ბანკი სესხს არ აძლევს, არ აქვთ სტაბილური შემოსავალი და შესაბამისად, ერთადერთი გზა რჩებათ – მიმართონ ისეთ დაწესებულებებს, სადაც არც საკრედიტო ისტორიას ეკითხებიან და არც შემოსავლებს.
ლომბარდს საერთოდ არ აინტერესებს, გაქვთ თუ არა შემოსავალი. მისთვის მთავარია, რომ რაღაც ძვირფასი ან ოქროს ნივთი ჩაიდოს შედარებით დაბალ ფასად, რომ მერე რეალიზაციის შედეგად წაგებული არ დარჩეს – ასეთია მათი ბიზნესი. თუ ბანკების შემთხვევაში უმოქმედო და ვადაგადაცილებული სესხების წილი 1-2%-ია, მათ შემთხვევაში შეიძლება იყოს 10% და მეტი.
თუმცა მათი ბიზნესმოდელისთვის ეს მდგომარეობა მაინც მომგებიანია და ამ მოდელით მუშაობას აზრი აქვს. ბანკების შემთხვევაში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 10%-მდე რომ გაიზარდოს, ეს კატასტროფული მაჩვენებელი იქნებოდა, მაგრამ ამ ნიშნულამდე დიდი ხანია არავინ მისულა და იმედია, არც მივა.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს სექტორი ძალიან მკაცრად რეგულირდება ეროვნული ბანკის მხრიდან, პლუს თვითონ ბანკებსაც საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა აქვთ დაკრედიტებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
