“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. “ტვ პირველის” არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა – ამის შესახებ წინსწრებით ჰქონდათ ინფორმაცია კომისიის წევრებს, მაგრამ განხილვა მაინც არ გადადეს.
რაც შეეხება საჩივარს, სადავო გახადეს წამყვანის მიერ ტელეეთერში ნათქვამი შემდეგი სიტყვები- „სქროლვა სქრინვის სააგენტოს მიერ ადამიანების ციხეში გაშვებას ქვეყანაში დიდი პროტესტი და პერფორმანსები მოყვა.”
“ტვ პირველის” იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.
რა თქმა უნდა, თვითონ გადაწყვეტილებას, არ იყო მოულოდნელი. პრაქტიკა აქვს უკვე მარეგულირებელ კომისიას კრიტიკული მედიის მიმართ, რომ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ არის დასაბუთებული და იღებენ გადაწყვეტილებებს ისეთებს, რომლებიც მიზანმიმართულია გამოხატვის თავისუფლებსი წინააღმდეგ. მათ შორის რამდენიმე გადაწყვეტილება ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც გვაქვს გასაჩივრებული, თუმცა ეს არის ფორმალური. მიუხედავად იმისა, პროცესი რომ ჩაინიშნოს სასამართლოში, ვიცით, რა იქნება გადაწყვეტილება.
პროცესებიც არ ინიშნებოდა დაახლოებით 4 წლის წინ, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრები დღემდე არ აქვს სასამართლოს განხილული. გარდა ამისა, რა თქმა უნდა სანქციები არის მზარდი – თუ ის პირველ ეტაპზე იყო 2500-3000-5000 ლარი, სამომავლოდ ის სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი იქნება და რაც ყველაზე მთავარია, ეს აძლევს საფუძველს მარეგულირებელ კომისიას, რომ იმსჯელოს უკვე ლიცენზიის შეჩერებაზე, რაც არა მარტო ტელეკომპანია “პირველისთვის”, ზოგადდ ქვეყნისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”, – ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
