მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო კონორ კენედის საქმის დაუსწრებლად განხილვა, რომელსაც ბრალი ედება შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობაში, იტყობინება გაზეთი „იზვესტია“.
ბრალდებული, სავარაუდოდ, კონორ კენედია, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმისშვილი და აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორის, რობერტ კენედის შვილიშვილი. თუმცა, ბრალდებულის სრული სახელი საჯაროდ ხელმისაწვდომ საქმეში არ არის მითითებული, ამიტომ მისი ვინაობა ოფიციალურად არ დადასტურებულა, იტყობინება გაზეთის Telegram-ის არხი.
კენედის ბრალი წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით – დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან სამხედრო მოქმედებაში. ეს მუხლი შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მედიამ 2022 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონორ კენედიმ აღიარა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა. იმ დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ნათესავმა განაცხადა, რომ ის ნებაყოფლობით წავიდა უკრაინაში. მისივე თქმით, 2022 წელს ამერიკელი შეუერთდა უკრაინის უცხოურ ლეგიონს და ხარკოვის რაიონში იბრძოდა. ის ამტკიცებდა, რომ მოგზაურობამდე სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა და უკრაინაში მხოლოდ მცირე ხნით იმყოფებოდა. კენედი ამტკიცებდა, რომ მან თავისი ნამდვილი სახელი და წარმომავლობა თანამებრძოლებისგან დამალა. შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ მან კიევის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
