რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მიერ სავაჭრო გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს.
ვლადიმერ პუტინმა სარაკეტო კრეისერი „ვარიაგიდან“ რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების დასკვნითი ეტაპის მიმდინარეობას მიადევნა თვალი და ადმირალ ვიქტორ ლიინისგან ანგარიში მოისმინა.
„თუ ამის [ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული სავაჭრო გემების დაკავება] პრაქტიკაში განხორციელება დაიწყება, ჩვენ იძულებულები გავხდებით, რომ სარკისებურად ვუპასუხოთ“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი მის გემებზე თავდასხმებს ნებისმიერ ადგილას უპასუხებს.
„ეს მხოლოდ იმ წყლებში არ მოხდება, სადაც გემებზე თავდასხმები იგეგმება, არამედ ყველგან, სადაც ამას საჭიროდ ჩავთვლით, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
