დღეს პროკურატურაში შევიტანე განცხადება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების მოთხოვნით, სსკ 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საჩივრის საფუძველია: “ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი (ივანიშვილის დამხობის ფრაზასთან დაკავშირებით)”.
განაჩენში ცალსახად ჩანს, რომ მოსამართლე პირადად გაეცნო ბრალდებულის მიერ ნათქვამის სრულ ვერსიას პირადი პოზიციის ჩარჩოს ჩათვლით (“მე ვთვლი,რომ…”) და ამის მიუხედავად პროკურატურის ამოჭრილი ვერსიის – ანუ შეგნებულად გაყალბებული მტკიცებულების საფუძველზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც საზოგადოებამ მინდა იცოდეს: განაჩენში, ჩემი როგორც ადვოკატის მონაწილეობის ფაქტი საერთოდ არ დასტურდება, თითქოს საერთოდ არ ვარსებობდე, მაშინ როცა შესავალი სიტყვიდან დაწყებული, მოწმეების და თვითონ ბრალდებულის დაკითხვით გაგრძელებული და დასკვნითი სიტყვით დასრულებული, რომლებშიც იდო მთელი დაცვის სტრატეგია, იყო ჩემს მიერ წარმოებული. ანუ განაჩენში მოსამართლეს დაცვის პოზიციაზე არათუ საერთოდ არ უმსჯელია, არამედ ნახსენებიც კი არ ვართ, როგორც პროცესის მონაწილეები.
რამდენადაც ვიცი ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვინმე მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს (და არა დისციპლინურ სახდელს). მოსამართლეებსაც და საზოგადეობასაც მიაჩნიათ, რომ მოსამართლე ხელშეუხებელია და რაიმე იმუნიტეტი იცავს, არა მეგობრებო! ეს განცდა იმიტომ არსებობს, რომ არასოდეს არ დასჯილა არცერთი მოსამართლე, რომელმაც უკანონობა ჩაიდინა.
ვაცნობიერებ რა, რომ ამ რეჟიმის პროკურატურა შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ კანონიერ და დამოუკიდებელ პროკურატურას საჩივარი დახვდება და ყველა აგებს პასუხს ჩადენილ უკანონობაზე.
აქვე გაცნობებთ, რომ სასჯელის მოხდის ათვლა მოსამართლემ დაიწყო 2026 წლის 6 ივლისიდან, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის 25 დეკემბრიდან ყავთ ბაჩო დატყვევებული. ანუ
7 თვე არ ჩაუთვალეს”- წერს ნადარეიშვილი.
