ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ბებია, შორენა ბალხამიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი გიგა ავალიანზე თავდასხმისთვის?
ათი თვე გავიდა. ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. ამოღებული იყო ტელეფონები, შესწავლილი იყო მიმოწერები, დაკითხული იყვნენ ადამიანები, ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება.
ნია არ დაუკავებიათ. ათი თვის განმავლობაში – 16 წლის ბავშვის წინააღმდეგ მიმდინარეობდა უმძიმესი და დაუნდობელი საჯარო კამპანია.
ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებდით, როგორ ხდებოდა ნიას სახელის საჯაროდ ტირაჟირება, ენით აღუწერელი შეურაცხყოფა და ცილისწამება. როგორ აცხადებდნენ მას „მთავარ ფიგურად“, „წამქეზებლად“, ფაქტობრივად უკვე დამნაშავედ – სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, განაჩენამდე და ბრალის დამტკიცებამდე.
ეკა კუპატაძის ტკივილი ჩვენთვის ყოველთვის გასაგები იყო. მან შვილი დაკარგა. ჩვენ მთელი გულით ვწუხვართ გიგა ავალიანის გარდაცვალების გამო და ამ ტრაგედიის სიმძიმე არასოდეს დაგვიკნინებია. პირიქით ჩუმად ვიყავით იქამდე სადამდეც შესაძლებელი იყო. მიუხედავად ქალბატონი ეკას პირდაპირი მკვლელობის მუქარისა რომ სისხლს აიღებდა და ყველას დახოცდა.
მაგრამ ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნიას, როგორც არასრულწლოვნის, როგორც ბავშვის, ღირსება, პირადი ცხოვრება და უდანაშაულობის პრეზუმფცია ფეხქვეშ იქნა გათელილი.
მის წინააღმდეგ გაჩნდა ისეთი საზოგადოებრივი სიძულვილი, რომ ათასობით ადამიანმა განაჩენი გამოძიებასა და სასამართლოს დაასწრო.
16 წლის ბავშვი საზოგადოებამ უკვე გაასამართლა – საქმის მასალების ცოდნის გარეშე.
წინა პოსტში გაგიზიარეთ ვალერიან იმნაძის მიერ გადმოგზავნილი სქრინები 34-ე ტომიდან, და რას ვხედავთ იქ?
29-30 სექტემბერი – თავდასხმამდე.
ეს არის ალექსანდრე გაბაშვილის (SASHKAAA) და ანი ნასყიდაშვილის პირადი მიმოწერა.
ნია ამ საუბარში საერთოდ არ მონაწილეობს.
ალექსანდრე ამბობს:
„ძლივს დავაჯერე რომ არაფერს არ ვაპირებ“
შემდეგ:
„ანუ ამან არ უნდა გაიგოს არაფერი “ ვაფშე.
„არაფერი“
ანი:
„მაგას ვერც გაიფიქრებს რო ცემ“
ალექსანდრე ნიას მეგობარს სთხოვს, ნიას უთხრას, თითქოს:
„ვითომ პროსტა დაველაპარაკე და ვსო იმ მათემატიკას“
ამავე საუბარში საუბარია იმაზეც, რომ ნიამ რომ „ცემა-ტყეპა გაიგოს“ ალექსანდრეს დაშორდება.
ახლა გთხოვთ, ყველაფერი, რაც ათი თვის განმავლობაში ნიაზე მოგისმენიათ, რამდენიმე წუთით გვერდზე გადადოთ. უბრალოდ წაიკითხეთ ეს სიტყვები და დაფიქრდით: თუ ნიამ ალექსანდრე გიგას ცემისთვის წააქეზა – რატომ უმალავდა ალექსანდრე ნიას, რომ ცემას აპირებდა?
თუ ნია იყო „წამქეზებელი“ – რატომ დააჯერა ალექსანდრემ, რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებდა?
თუ ნია ითხოვდა ძალადობას – რატომ ეუბნება მეგობარს, რომ ნიამ არაფერი უნდა გაიგოს?
თუ ეს ყველაფერი ნიას სურვილით ხდებოდა – რატომ ფიქრობდნენ, რომ სიმართლის გაგების შემთხვევაში ნია გაბრაზდებოდა და შესაძლოა ალექსანდრეს დაშორებოდა?
და რატომ წერია თავდასხმამდე: „მაგას ვერც გაიფიქრებს რო ცემ“?
რას ამბობს კანონი „წაქეზებაზე“? – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლი ამბობს: „წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.“
სწორედ ამიტომ ვსვამთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას:
სად არის დაყოლიება? – გვაჩვენეთ ნიას სიტყვები.რა უთხრა? – გვაჩვენეთ მისი შეტყობინება.რა დაწერა? – გვაჩვენეთ მისი მითითება.რა მოსთხოვა ალექსანდრეს? – ამ მიმოწერაში კიდევ ერთი რამ გვხვდება.ნიაზე, რომელიც საზოგადოებას თვეების განმავლობაში მონსტრად წარმოუდგინეს, ამ პირად საუბარში ამბობენ, რომ ის ისეთი ადამიანია, რომელიც: „ჭიანჭველასაც არ მოკლავს.“ მნიშვნელოვანია როდის და რა გარემოებაში იწერება ეს სიტყვები. ეს არ დაწერილა ნიას დასაცავად, არ დაწერილა სასამართლოსთვის, არ დაწერილა დაკავების შემდეგ – ეს იყო პირადი საუბარი ტრაგედიამდე, როდესაც არავის წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა ელოდათ წინ.
რა შეიცვალა ათი თვის შემდეგ?
თუ მთელი ამ დროის განმავლობაში ნიას დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ არსებობდა. რა ახალი მტკიცებულება გაჩნდა ახლა? რა მიიღეთ ახლა ისეთი, რაც თვეების განმავლობაში არ გქონდათ?
ჩვენ გვაქვს უფლება მიიღოთ კონკრეტული პასუხი. არა ზოგადი ფრაზები. არა საზოგადოებაში შექმნილი წარმოდგენები. არა ემოცია. არა ის, ვინ რამდენჯერ მოითხოვა ნიას დაკავება – მტკიცებულება.
ჩვენ ათი თვის განმავლობაში ჩუმად ვუყურებდით, როგორ იქცა ჩვენი ოჯახის 16 წლის ბავშვი საჯარო სამიზნედ. ვუყურებდით, როგორ ხდებოდა მის წინააღმდეგ უმძიმესი ბრალდებების ყოველდღიურად გამეორება. როგორ იქმნებოდა მისგან სასტიკი და ბოროტი მოზარდის სახე. როგორ ებრძოდა ოჯახი არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეს, არამედ უკვე ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ განაჩენს.
ნია იყო არასრულწლოვანი. მასაც ჰქონდა და აქვს უფლებები. მასაც აქვს ღირსება. მასაც აქვს უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ეკა კუპატაძეს ჰქონდა და აქვს სრული უფლება იბრძოლოს საკუთარი შვილისთვის და მოითხოვოს სამართლიანობა. მაგრამ გიგასთვის სამართლიანობის მოთხოვნა ვერ გაამართლებს ნიას წინასწარ დამნაშავედ გამოცხადებას. ეს ორი რამ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. გიგასთვის ნამდვილი სამართლიანობა ნიშნავს სიმართლის დადგენას. და ნიასთვის ნამდვილი სამართლიანობაც ზუსტად იმავეს ნიშნავს.
დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: თუ ნია იმნაძე იყო თავდასხმის წამქეზებელი, რატომ უმალავდა თავად ალექსანდრე გაბაშვილი ნიას საკუთარ რეალურ განზრახვას?
16 წლის ბავშვის თავისუფლება, სახელი, მომავალი და მთელი ცხოვრება ნადგურდება ვარაუდით. საზოგადოებრივი რისხვა მტკიცებულება არ არის. ტკივილი მტკიცებულება არ არის. ყველაზე ხმამაღლა და ყველაზე ხშირად გამეორებული ბრალდებაც კი მტკიცებულება არ არის. მტკიცებულება არის მტკიცებულება.
ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს სიმართლის გარდა, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს და არაფერ სხვას“ – წერს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ბებია, შორენა ბალხამიშვილი სოციალურ ქსელში და მიმოწერის სქრინებს აქვეყნებს.
