საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პატიმრობის საფუძველი უნდა გახდეს, არ არსებობს – ჩვენი პოზიციაა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, თუმცა სასამართლო სხდომაზე სხვა ალტერნატივის დაყენებას არ გამოვრიცხავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატმა ქეთევან ვარდანაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყების წინ განუცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი იხილება.
“მტკიცებულებათა გაცნობას რაც შეეხება, ის, რაც ძირითადი და მნიშვნელოვანი იყო, გავეცანით. მტკიცებულების ნაწილში საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ აქვე გავაკეთებ განმარტებას, რომ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პატიმრობის საფუძველი უნდა გახდეს, არ არსებობს.
მტკიცებულებათა ნაწილს ვერ განვმარტავ და შინაარსობრივადაც ვერ შევეხები იმდენად, რამდენადაც არასრულწლოვანების საქმეა და ინფორმაციის გათქმის უფლებაც კი არა მაქვს. რაიმე ახალი გარემოება ჩვენთან დაკავშირებით არ არის“, – განაცხადა ქეთევან ვარდანაშვილმა
დასმულ კითხვაზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა თუ არა მეგობრისგან, რომ „ვიღაც სცემეს“, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამას კატეგორიულად გამორიცხავს. მან აქვე დასძინა, რომ სადაო მტკიცებულებებზე სასამართლო სხდომაზე იმსჯელებს.
“არ ვიცი, თქვენ რა მიმოწერაზე საუბრობთ. თუ ვინმეს ვინმესთან სატელეფონო ზარი აქვს განხორციელებული ან მიმოწერა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – დასძინა მან.
