ივანიშვილის რეჟიმის მიზანია ყველა იმ ადამიანის დაკავება, რომელიც მათ ოპოზიციაშია, რომელიც არის მიუღებელი ივანიშვილისა და კრემლისათვის. ეს საქმე არის პოლიტიკურად აბსოლუტურად შეკერილი და არანაირი სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნია, – ამის შესახებ ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, იმ პარტიის წევრები, რომლებიც დაფუძნების დღიდან საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში და ავრცელებენ რუსეთის პროპაგანდისტულ ბრალდებებს, დღეს სამართლებრივ დევნას იწყებენ აფხაზეთისა და უკრაინის ომის ვეტერანზე.
„ვინ აღძრა დღეს საქმე გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ? – ივანიშვილის რეჟიმმა. რა გვახსენდება ივანიშვილის რეჟიმზე პირველი? მე მახსენდება ის, რომ ეს ადამიანები დაფუძნების დღიდან საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში და ეს დღემდე ასე გრძელდება. ეს ხალხი საუბრობდა მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე, სააკაშვილის ანუ მთავარსარდლის მიერ ომის დაწყებაზე. იმ ბრალდებებს იმეორებდნენ, რაც რუსული პროპაგანდისტული საშუალებებით გვესმოდა წლების მანძილზე. ეს ხალხი დღეს ადანაშაულებს აფხაზეთისა და უკრაინის ომის ვეტერანს, გიორგი ბარამიძეს საბოტაჟსა და ღალატში. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გიორგი ბარამიძეს 6 წლითა და 6 თვით რუსული სასამართლოს მიერ აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი და ეს ადამიანი დღეს არის უკვე ივანიშვილის პროკურატურის მიერ დევნილი. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური გამოხატულება. არა კონკრეტული განცხადება, არამედ ივანიშვილის რეჟიმის მიზანია ყველა იმ ადამიანის დაკავება, რომელიც მათ ოპოზიციაშია, რომელიც არის მიუღებელი ივანიშვილისა და კრემლისათვის. ეს საქმე არის პოლიტიკურად აბსოლუტურად შეკერილი და არანაირი სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნია და რა თქმა უნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთელი გუნდი სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გიორგი ბარამიძეს და ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გასათავისუფლებლად აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენი გამარჯვებით და პოლიტიკური დევნაც ამ ქვეყანაში შეწყდება“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში ომის დროს “ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. აღნიშნულთან დაკავშირებით ბარამიძემ მედიასთან განმარტა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.
თავის მხრივ, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
