“გიორგი ბარამიძის განცხადება იმ ჰიბრიდული ომის გაგრძელებაა, რომელიც ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს. რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე განცხადება იყო ქართული სახელმწიფოს და ქართული ჯარის წინააღმდეგ” – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, ეს სიტყვები მოისმინო და რეაგირების გარეშე დატოვო.
„ესეც არის გაგრძელება იმ ჰიბრიდული ომის, რომელიც ქართული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს. რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე განცხადება იყო ქართული სახელმწიფოს და ქართული ჯარის წინააღმდეგ. წარმოუდგენელია, მოისმინო ის სიტყვები, რაც მოვისმინეთ და დატოვო რეაგირების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ქმედება, შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსა და ჯარის. ჩვეულებრივი მავნებლები და მოღალატეები არიან. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი სიყვარული ჩვენი სამშობლოს მიმართ და ამ ყველაფერს აუცილებლად რეაგირება უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გია ბარამიძემ განაცხადა: „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
