„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია, სოხუმსა და სხვა ქალაქებში მოსახლეობა და ტურისტები საათობით ელოდებიან საწვავის ჩასხმას.
მათივე ცნობით, არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მძიმედ აისახება რუსეთის შიდა ეკონომიკური და ლოგისტიკური პრობლემები ოკუპირებულ რეგიონზე.
„ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო საწვავის მწვავე დეფიციტითა და მრავალსაათიანი რიგებით დაიწყო. სოხუმსა და სხვა ქალაქებში მოსახლეობა და ტურისტები საათობით ელოდებიან საწვავის ჩასხმას, მაშინ როდესაც კერძო ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელი გახდა.
არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მჭიდროდ არის აფხაზეთის ეკონომიკა დამოკიდებული რუსეთზე და რამდენად მძიმედ აისახება რუსეთის შიდა ეკონომიკური და ლოგისტიკური პრობლემები ოკუპირებულ რეგიონზე.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ დასავლეთის სანქციებმა, უკრაინის დრონებით შეტევამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ლოჯისტიკურ ცენტრებზე, საწვავის ბაზარზე მწვავე დეფიციტი შექმნა და ფასების ზრდაც გამოიწვია. ამ პირობებში განსაკუთრებულად მოწყვლადი აღმოჩნდა ოკუპირებული აფხაზეთი, რომელიც მთლიანად რუსულ საწვავის მიწოდებაზეა დამოკიდებული.
დღეს „როსნეფტის“ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი შედარებით იაფია, რის გამოც იქ კილომეტრიანი რიგები დგას და თითო ავტომობილზე მხოლოდ 20 ლიტრის ჩასხმის შეზღუდვა მოქმედებს. კერძო სადგურებზე კი საწვავი გაცილებით ძვირია, მისი ფასი 100 რუბლს აღწევს, რის გამოც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებულია საათობით ელოდოს რიგში.
მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დამატებითი საწვავის პარტიების შემოტანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, არსებული მოცულობები ტურისტული სეზონის პირობებში, კრიზისის დაძლევას ვერ ახერხებს.
საწვავის კრიზისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რეგიონს განსაკუთრებით დაუცველს ხდის. რუსეთის ეკონომიკაზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევები, პირდაპირ აისახება აფხაზეთის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რაც გამოიხატება საწვავის დეფიციტში, ფასების ზრდასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
