„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ რუსული აგრესიისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საიას შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს უკანონო „ბორდერიზაციას“, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საკუთრების უფლების უგულებელყოფას, გადაადგილების უფლების შეზღუდვას და ადამიანთა გატაცებას.
„2008 წლის ომის შედეგად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და მისი მიმდებარე სოფლებიდან 26 888 პირი (9081 ოჯახი) იძულებული გახდა, მიეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. ომის შემდეგ დევნილები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განასახლეს. ამ ადამიანებს, ისევე როგორც რუსეთის ოკუპაციის შედეგად აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ სხვა პირებს, მიმდინარე ოკუპაციის გამო, დღემდე არ აქვთ საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნების შესაძლებლობა.
ომიდან 18 წლის შემდეგაც, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულები ყოველდღიურ რეალობად რჩება, რაც განსაკუთრებით აისახება საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის ეთნიკური ქართველების შევიწროებაზე, დისკრიმინაციასა და ფუნდამენტური უფლებების სისტემურ დარღვევაზე.
საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს უკანონო „ბორდერიზაციას“, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საკუთრების უფლების უგულებელყოფას, გადაადგილების უფლების შეზღუდვას და ადამიანთა გატაცებას. მცოცავი ოკუპაციის პირობებში, მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, სად გადის საოკუპაციო ხაზი, რის გამოც ხშირად მათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით აკავებენ.6 ხშირია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებული ადამიანების გრძელვადიანი
უკანონო პატიმრობის შემთხვევები. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 32 პირი (25 კაცი, 3 ქალი და 4 არასრულწლოვანი), ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 40 პირი დააკავეს (35 კაცი, 3 ქალი და 4 არასრულწლოვანი). 8 ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 15 მოქალაქე, მათგან 11 – ოკუპირებულ ცხინვალში და 4 – ოკუპირებულ აფხაზეთში. განაგრძეთ კითხვა…
