დაპატიმრებული პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს ფსილოლოგთან მისვლას ურჩევს – განცხადება “მოქალაქეების” ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე იგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გააკეთა.
ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ ყველა საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ აღიძრა “მდინარაძის შიშებს უკავშირდება”.
ელისაშვილი ოპონენტს დაკავებას უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ “ციხის კედლების ხეხვა ჩინ მენდლებით მოუწევს”:
“მდინარაძის შიშების შედეგია ეს და მაგ “ბალანდიორს” გადაეცით, მაგ უღირსს, რომ ფსიქოლოგთან წავიდეს, ჩემი ასე რომ ეშინია, თორემ მე მის ვერაფერს დამაკლებს. მე რა უნდა დამაკლოს მოძალადე, სადისტი აქით მიჩივის რა მაგარი პროკურატურა და სასამართლოა?!
მაგ “ბალანდიორს” რომ დაიჭერენ, ეგ “პაგონები” არ დარჩეს, ეგრე უნდა ვახეხინო ციხის საკანი”- თქვა ელისაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრება.
ელისაშვილს ბრალად ედება სასამართლოს უპატივცემულობა – ბრალდების მხარის ცნობით, ელისაშვილმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე პოლიციელს „არაკაცი“ უწოდა. საუბარია შოთა ჭიპაშვილზე, რომელსაც ალეკო ელისაშვილი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამასთან, პოლიტიკოსს პროკურატურა ტერორისტული აქტის განხორციელებას ედავება. [საუბარია სასამართლოს არქივის შენობაში გაჩენილ ხანძარზე].
დაკავებამდე ელისაშვილს ბრალი წაუყენეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის საქმეზეც.
