,,სტუდია მონიტორის“ მიერ გადაღებული მეორე ფილმი, რომელიც თბილისში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის საქმიანობას ეხება, ერთ მთავარ კითხვას აჩენს: როგორ არის შესაძლებელი, ამდენი მტკიცებულების მიუხედავად, ეს თაღლითები დღემდე არ იყვნენ დაკავებულები?
პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სქემებიდან დიდ თანხებს იღებდნენ და დღემდე იღებენ. მსგავსი მასშტაბის დანაშაულები ხელისუფლების მაღალი ეშელონების მფარველობის გარეშე ვერ იარსებებს.
მასშტაბის უკეთ წარმოსადგენად: ის, რაც გუშინ ვიხილეთ ამ ერთი, შედარებით პატარა ქოლცენტრის საქმიანობაში, შეიძლება შევადაროთ ფულის გადამცვლელ ერთ ჯიხურს, მაშინ როდესაც საქართველოში მოქმედი ყველაზე დიდი თაღლითური ქოლცენტრები ბანკის მასშტაბის იყვნენ. დაახლოებით ასეთია პროპორცია. სად არიან დღეს ამ სქემების მთავარი ფიგურები, ვინ იყვნენ ისინი და რომელ ქვეყანაში გადაბარგდნენ, ზუსტად არავინ იცის. თუ ამ პატარა ქოლცენტრთან დაკავშირებით საუბარია ათეულობით მილიონი დოლარის მითვისებაზე, ის დიდი ქოლცენტრები ასეულობით მილიონი დოლარის ოდენობის თანხებით ძარცვავდნენ ადამიანებს. ამ სქემების უკან “ოცნების“ ხელისუფლება იდგა. ქართველების ძარცვა არ ეყოთ და უცხოელების მოტყუებაზეც გადავიდნენ. თავის დროზე ყველაფერი გამოძიებული იქნება”, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
სტუდია მონიტორი თაღლითური ქოლ-ცენტრების მასშტაბური სქემის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. საუბარია A.K. ჯგუფის საქმეზე. გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, როგორც აღმოჩნდა, სქემის მონაწილეები, რომელთა წინააღმდეგაც შარშან საქმე აღიძრა და მათი ქონება დაყადაღდა, საქმიანობას აგრძელებენ და კიდევ უფრო მდიდრულად ცხოვრობენ.
