ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, ქალაქ ვალენსიაში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, ხოლო მეოთხე წევრის დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ სპეცოპერაციაში ესპანელ კოლეგებთან ერთად საქართველოს პოლიციის ატაშე მონაწილეობდა.
„დაკავებულებს ბრალად ედებათ ბინის ქურდობა, ფულის გათეთრება და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრობა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ესპანეთის ტერიტორიაზე სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ისინი არჩევდნენ ისეთ სახლებს, სადაც მეპატრონეები არ იმყოფებოდნენ, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით უკანონოდ შედიოდნენ და ეუფლებოდნენ ძვირადღირებულ ნივთებსა და თანხას.
