კაჭრეთის საჯარო სკოლა პედაგოგსა და სკოლის ხელმძღვანელს მზია ანჯაფარიძეს ემშვიდობება. მზია მასწავლებელმა დატოვა კვალი, არა მხოლოდ როგორც პედაგოგმა, არამედ როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, რომელმაც თავისი წლები, ცოდნა და ძალა ჩვენი სკოლის განვითარებას შესწირა.
„დღეს ჩვენი სკოლის ისტორიას კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი გამოაკლდა… დაგვტოვა მზია მასწავლებელმა, ქალბატონმა, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი სკოლას, ბავშვებსა და განათლებას მიუძღვნა.
ის იყო ადამიანი, რომლის სახელს ჩვენი სკოლის ისტორია ყოველთვის განსაკუთრებული პატივით მოიხსენიებს. მრავალი წლის განმავლობაში სკოლის ხელმძღვანელი, დირექტორი გახლდათ. ადამიანი, რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობით, თავდადებითა და სიყვარულით იტვირთა სკოლის მართვა.
როგორც დირექტორი, იგი იყო ძლიერი, პრინციპული, სამართლიანი და გულისხმიერი ხელმძღვანელი. მისთვის სკოლა მხოლოდ შენობა და სამუშაო ადგილი არ ყოფილა. ეს იყო დიდი ოჯახი, რომლის თითოეული წევრის წარმატება და კეთილდღეობა მისთვის მნიშვნელოვანი იყო.
მისი გადაწყვეტილებები, გამოცდილება და დამოკიდებულება წლების განმავლობაში ქმნიდა იმ გარემოს, რომელსაც ბევრი თაობა დღესაც სითბოთი იხსენებს.
როგორც ფრანგული ენის მასწავლებელმა, არაერთ თაობას გაუზიარა ცოდნა და სიყვარული ამ ულამაზესი ენის მიმართ. მისი გაკვეთილები, მისი ენერგია, მისი განსაკუთრებული ხასიათი და დამოკიდებულება მოსწავლეებისა და კოლეგების მიმართ ბევრისთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩა.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, ყოფილ მოსწავლეებს, კოლეგებს და ყველას, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ბედნიერება, შეხვედროდა მას. ნათელი და მშვიდი იყოს მისი მარადიული გზა…“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
