ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES ) „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა. ფედერაციის საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით,
ქუთაისმა ეს სტატუსი დაიმსახურა სპორტის ყველასთვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით, მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვით, სოციალური ინტეგრაციის, სპორტისა და განათლების განვითარებით.
ამ სტატუსის მინიჭებით ქუთაისი უერთდება ACES-ის ოჯახს. ეს ნიშნავს, რომ 2027 წელს მუნიციპალიტეტი ევროპის მასშტაბით სპორტის განვითარების სამაგალითო ქალაქად იქნება აღიარებული.
,,ქუთაისმა 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა! ჩვენმა ქალაქმა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
გილოცავთ ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას!ეს ნიშნავს, რომ ქალაქის სპორტული პოლიტიკა, ტრადიციები, ინფრასტრუქტურა და სპორტის განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა საერთაშორისო დონეზე მაღალი შეფასებით აღინიშნა. ეს სტატუსი დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქუთაისის, როგორც ევროპის სპორტის ქალაქის, განვითარება, მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ საერთაშორისო სპორტულ ტურნირებსა და მნიშვნელოვან ფორუმებს, გავზარდოთ ჩვენი ქალაქის მსოფლიო ცნობადობა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ სტატუსის მოსაპოვებლად გაწეულ რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში!”- განაცხადა ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა.
