“ოქროს ბურთისთვის” ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია. მისი მოგების შანსი კი აქვს PSG-ს ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას. ოქროს ბურთის ნომინანტების ოფიციალურად დასახელებამდე სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემები თავიანთი ჟურნალისტური შეფასებით ფავორიტებს ასახელებენ. ერთ-ერთმა ასეთმა გამოცემამ, ფრანგულმა L’Équipe-მა კი ამ ჯილდოს მოგების მთავარ კანდიდატად ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
გამოცემამ ჟურნალის გარეკანზე ქართველი თავდამსხმელის ფოტო განათავსა.
“ახლახან დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო გამორჩეული თამაშის ჩვენება. შესაბამისად, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და პსჟ-ის თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, ლიგაში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის წყალობით, “ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტია”, წერს L’Équipe.
გამოცემა ასევე წერს, რომ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გარეშე მოიგო ოქროს ბურთი კევინ კიგანმა – ეს არის პრეცედენტი, რომელმაც შესაძლოა, იმედი მისცეს კვარას უდავო ფავორიტის არარსებობის პირობებში.
აღსანიშნავია, რომ L’Équipe-ის შეფასებას დიდი წონა აქვს, რადგან იგივე მედია ჯგუფში შედის, რომელიც Ballon d’Or-ის დაჯილდოებას მართავს.
ვნახოთ ვის ასახელებენ სხვა გამოცემები ფავორიტებად:
Goal.com-ის მიხედვით “ოქროს ბურთის” მოგების მთავარი კანდიდატი ჰარი კეინია, მეორე ადგილზეა ლამინ იამალი, მესამე პოზიციას ლეო მესი იკავებს, მეოთხე ადგილზეა მაიკლ ოლისე, ხოლო მეხუთეზე კილიან მბაპე.
ფავორიტების სია Independent-ის ვერსიით ასეთია:
1. როდრი
2. ჰარი კეინი
3. ლამინ იამალი
4. კილიან მბაპე
5. ლეო მესი
“ოქროს ბურთის” მოგების ფავორიტები Sports Illustrated-ის მიხედვით
1. როდრი
2. ლამინ იამალი
3. ლეო მესი
4. ჰარი კეინი
5. კილიან მბაპე
“ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) გამარჯვებული რამდენიმე ეტაპით ვლინდება:
ირჩევენ 30 ნომინანტს – ამ სიას ადგენს France Football-ის რედაქცია, L’Équipe-ის ჟურნალისტებთან თანამშრომლობით. ხმას აძლევენ ჟურნალისტები – FIFA-ს რეიტინგის ტოპ 100 ქვეყნის თითო სპორტული ჟურნალისტი.
ყველა ქულა ჯამდება და ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, ხდება “ოქროს ბურთის“ გამარჯვებული.
