“ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ ბოცვაძის თქმით, არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა ქვეყნის სრული გათიშვა გამოიწვიოს.
მიხეილ ბოცვაძის თქმით, ცალსახაა, რომ გამანაწილებელი კომპანიის რომელიმე ხაზის გათიშვამ, ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის გადაყვანა ავტონომიურ რეჟიმში, მეზობელ ქვეყანასთან არსებული, პარალელური რეჟიმიდან ჩახსნა და ქვეყნის სრული გათიშვა.
„იმის გათვალისწინებით, რომ გასულ კვირას მომხდარი ქვეყნის ელექტრომომარაგების სრული შეწყვეტის თუნდაც ერთ-ერთ მიზეზად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი 110 კილოვოლტიანი ხაზი „გეგუთი“ გაჟღერდა, თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო კომენტარი. ცალსახაა, რომ გამანაწილებელი კომპანიის რომელიმე ხაზის გათიშვამ, ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის გადაყვანა ავტონომიურ რეჟიმში, მეზობელ ქვეყანასთან არსებული, პარალელური რეჟიმიდან ჩახსნა და ქვეყნის სრული გათიშვა.
აქვე საგულისხმოა, რომ 32 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 2 „ბლექაუთი“, თუმცა მეორე შემთხვევაში ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზი ვერსიადაც კი არ სახელდება. ალბათ, სასურველია ამ ორივე შემთხვევის ერთად განხილვა და დადგენა იმ მიზეზების, რაც ორივე შემთხვევაში მეორდება. ვფიქრობ, სწორედ ეს გამაერთიანებელი გარემოებები განსაზღვრავს შეფერხების რეალურ მიზეზებს,- განაცხადა ბოცვაძემ.
ბროგორც ის აღნიშნავს, მთავარია სასწრაფოდ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ბლექაუთი კიდევ არ განმეორდეს, თუმცა, რა თქმა უნდა განსახორციელებელ ქმედებებში, გამანაწილებელი კომპანიის როლი კვლავ მინიმალურია.
“რაც შეეხება უკვე მომხდარს, დაველოდებით მოკვლევებს, კომისიის დასკვნას თუ გამოძიების შედეგებს, რამაც საბოლოოდ პასუხები უნდა გასცეს ყველა დასმულ კითხვას“, – განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.
24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.
