“რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის დაწესებული 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება” – ამბობს გამოცემა BM. ge-სთან პროექტის შემსრულებელი კომპანიის, “სმარტ სოლუშენსი” მმართველი პარტნიორი, ლევან გოგსაძე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტის თავდაპირველად დათქმულ ვადებში დასრულებას რამდენიმე ფაქტორი ართულებს, მათ შორის – შეზღუდული სამუშაო არეალი, ადგილზე მომუშავე სხვა კონტრაქტორებთან კოორდინაციის აუცილებლობა და უშუალოდ პროექტში შესატანი ცვლილებები.
“მხოლოდ ჩვენი გათვლები არ არის საკმარისი, იმიტომ რომ, როგორც მოგეხსენებათ, აქ მარტო არ ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს ძალიან შეზღუდული არეალი, იმიტომ რომ ჩვენ გარდა კიდევ რამდენიმე კომპანია მუშაობს… ძალიან ბევრ ადგილას არ გვეძლევა საშუალება, რომ დავიწყოთ სამუშაოები და ვცდილობთ, რომ სინქრონულად, ამ სხვა კონტრაქტორებთან ერთად, რაღაცნაირად ვიმუშაოთ.
ვადა რაც ჩვენ გვაქვს დაწესებული, 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შეზღუდულ არეალში ვმუშაობთ, რაღაც ცვლილებებსაც საჭიროებს პროექტი და ეს პროცესებიც უკვე დავიწყეთ. ჯერჯერობით რთულია ამის თქმა, რამდენი ხანი დაგვჭირდება, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეზღუდულ ვადებში ვიმუშაოთ. […]
თავიდანვე ძალიან შეზღუდული ვადა იყო და ამიტომაც გვიწევს 24-საათიან რეჟიმში მუშაობა. მართალი გითხრათ, სხვა ქვეყნის მაგალითებიც რომ ავიღოთ, არ მინახავს, სადმე 24-საათიან რეჟიმში იმუშაონ. თუმცა გვესმის, რომ ეს მოსახლეობისთვის დიდი დისკომფორტია. ვადა მართლაც შეზღუდულია, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გადავაცილოთ ამ ვადებს” – თქვა მან ბიემჯისთან.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, როგორც კალაძემ თქვა, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
