სამეგრელოში ესთეტიკის ერთ-ერთ ცენტრში ლაზეროთერაპევტი ქალებს პროცედურის დროს, სავარაუდოდ ფოტოებს უღებდა, რომელსაც ყოფილ პოლიციელს უგზავნიდა. ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიასთან საუბარში დაკავებული ყოფილი პოლიციელის ადვოკატი, სოსო ჯანაშია ამბობს, ამ საქმეზე არაფერი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია
„ოპერატიული ინფორმაციაა მხოლოდ, დანარჩენი არაფერი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. დაახლოებით ესეთი თემაა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, შესაძლოა, ესთეტიკური ცენტრის რომელიღაც სპეციალისტის მიერ გაგზავნილი ყოფილიყო დავით ჭითანავას ტელეფონზე რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რაც სრული სისულელეა. ესენი ვარაუდობენ, რომ სექსუალური ხასიათის სურათები შეიძლება იყოსო და ესთეტიკის ცენტრში რა სექსუალური ხასიათის სურათები უნდა იყოს. ჩვეულებრივად, ეპილაციაზე მისული ქალბატონების სურათებს გულისხმობენ ალბათ, თუმცა მსგავსი არაფერი არ ყოფილა” – ამბობს სოსო ჯანაშია
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია პროკურატურამ, საიდანაც ირკვევა, რომ სასამართლომ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა
“სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის თანამრომლებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
