ტყუილად ედრება „ქართული ოცნება“ ევროპულ, დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოებს, როდესაც ცდილობს ხოლმე რაღაც ანალოგიები მოიყვანოს: „სხვაგანაც ხომ მიტინგებს არბევენ“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც 7 ნოემბრის საქმეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, 2007 წელს, ნოემბრის მიტინგები რუსული რეჟიმის მხრიდან „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ერთ-ერთი პირველი შემოტევა იყო“.
„პრაქტიკულად 20 წლის წინანდელი მიტინგის დაშლის საქმეზე პოლიტიკური ბრალი აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად რამდენიმე პირს. ეს საქმე დღემდე იწელება იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და ამით საკუთარ მხარდამჭერებს თუ ამომრჩევლებს უთხრას „აი, ჩვენ შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის”.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო ერთ-ერთი, ალბათ, პირველი შემოტევა რუსული რეჟიმის მხრიდან ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, როდესაც მათ არ მოეწონათ, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება, საქართველო დემოკრატიული ხდება, საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის და მაშინ გამოაგორეს თავისი პირველი რესურსები და ამის შედეგად გაიმართა ნოემბრის ის მიტინგები, რომელზეც დღეს საქმეა აღძრული.
რა თქმა უნდა, იქ შეიძლება იყო ძალის გადამეტება, მიტინგი ისე არ უნდა დაშლილიყო, როგორც დაიშალა, მაგრამ გავიხსენოთ იმის მერე „ქოცების“ რეჟიმის პირობებში 2012 წლიდან მოყოლებული, თუნდაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რამდენი მიტინგი დაშალეს, რამდენი ადამიანი დაარბიეს, რამდენს თავ-პირი დაამტვრიეს, რამდენი გაიტაცეს და ცალკე, სადღაც მოყუჩებულად სცემეს და დაასისხლიანეს და ამაზე რამე საქმე აღიძრა?
როდესაც რაღაც პარალელებს ავლებენ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები “აი, ინგლისში ასე მოხდა, დანიაში დაარბიეს, საფრანგეთში მიტინგზე ძალადობა იყო“, იქ თუ რამე გადაცდომა იყო ანდა ძალის გადამეტება, ეს იმ ქვეყნის მართლმსაჯულების დასადგენია. იქ არავინ არ ასხვავებს, რომელი ხელისუფლების მხარდამჭერია, ვის უჭერდა მხარს, ვის წინააღმდეგ გამოდიოდა დემონსტრაციაზე. იქ კანონი კანონობს, კანონი არის ყველასთვის ერთნაირი, კანონის უზენაესობის პრინციპი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ფუძემდებლური პრინციპი იმ სახელმწიფოებრიობის, იმ სახელმწიფოს განვითარებაში და მათ ინსტიტუციების კონსოლიდაციაში.
ტყუილად ედრება „ქართული ოცნება“ ევროპულ, დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოებს, როდესაც ცდილობს ხოლმე, რაღაც ანალოგიები მოიყვანოს „სხვაგანაც ხომ მიტინგებს არბევენ“.
საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან. საქართველოში, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ და მათზე მუშაობ, მათ პოლიტიკური მხარდამჭერი ხარ, შენ არა თუ როგორც ძალაუფლების და ხელისუფლების წარმომადგენელს, როგორც რიგით მოქალაქესაც კი გაქვს უფლება, რომ ვიღაცას თავს დაესხა, იძალადო, დაარბიო და ცემო.
პირდაპირ ეთერში უსმინეთ, ჩვენი ერთი პერსონაჟი გამოდიოდა და ხალხს ემუქრებოდა, შემდეგ იმაზე ტიროდა, რომ „მაბულინგებენ და დამცინიანო“.
აი, ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ასეთ, „მართლმსაჯულების პროცესს“ და სამწუხაროდ, თქვენთან ერთად, კვირაში ერთხელ ვესწრებით უსამართლობის ზეიმს”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
