რეგიონებში მუნიციპალიტეტების მერებმა, საკრებულოების თავმჯდომარეებმა და სხვა საჯარო მოხელეებმა ივანიშვილის საქებარი Facebook-პოსტების გამოქვეყნების დავალება დიტო სამხარაძისგან მიიღეს, – დღეს გავრცელებული ხმოვანი ჩანაწერის მიხედვით, “ქართული ოცნების” დეპუტატი სამხარაძე მათ ზუსტად იმ ტექსტს კარნახობს, რაც მოგვიანებით საჯარო მოხელეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს და ერთმანეთისგან გადააკოპირეს. შეტყობინება სამხარაძემ, სავარაუდოდ, პარტიულ ჩატში გაგზავნა.
“მე რასაც ვეთანხმები, ის გავავრცელე. არაფერი ჩატში ჩაგდებული არ ყოფილა, არავითარი დავალება არ ყოფილა. მე რასაც ვეთანხმები ის ჩემ გვერდზე გავაზიარე”, – ამბობს “TV” პირველთან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით ქირიკაშვილი, რომელმაც სხვა საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით პოსტი არ დაწერა და სოციალურ ქსელში პირდაპირ ის ხმოვანი შეტყობინება გაავრცელა, რომელიც სამხარაძისგან საერთო ჩატში გაიგზავნა.
ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა პოსტი – “არ არსებობს საქართველო, სადაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იქნება. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ამ კაცმა ყველაფერი გაიღო, ყველაფერი დათმო. მისი ოჯახის უსაფრთხოება დადო სასწორზე” – გვიან ღამით გამოაქვეყნა და მას ივანიშვილთან გადაღებული ფოტო დაურთო. მოგვიანებით ანალოგიური შინაარსის პოსტები შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმაც დააკოპირეს. თანამდებობის პირებს შორის არიან გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე აიპების დირექტორები და მათი თანამშრომლები. მათ შორისაა მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელიც.
