მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში 31 წლის რაჰიმ აბდულაევი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაშავებულის დედის, საჰილა აბდულაევას თქმით, მის შვილს საკუთარი სახლის წინ ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი პნევმატური იარაღიდან ესროლეს. მისი მტკიცებით, თავდასხმა იმ პირმა განახორციელა, რომელთანაც მის შვილს წარსულშიც ჰქონდა კონფლიქტი.
რაჰიმ აბდულაევი შემთხვევის შემდეგ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას თავისა და სახის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ იარაღიდან გასროლის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.
