პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ახალგაზრდა უკრაინელ წყვილს თავს დაესხნენ. სამართალდამცავი ორგანოები მომხდარ ფაქტს იძიებენ. ამის შესახებ Radio Wrocław-ი იუწყება.
მედიის ცნობით, ინციდენტი კვირას, 26 ივლისს, ვროცლავის ზაკშუვის რაიონში მოხდა. უკრაინელები საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე მამაკაცი დაედევნა. როგორც ირკვევა, თავდასხმის სავარაუდო მიზეზი მათი „აქცენტი“ გახდა. თავდაპირველად ისინი მამაკაცს დაესხნენ თავს, მიწაზე დააგდეს და ფეხებით სცემეს. როდესაც ქალი მის დახმარებას შეეცადა, თავდამსხმელებმა მასაც რამდენჯერმე დაარტყეს სახესა და თავში. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები ორივეს ტვინის შერყევას ეჭვობენ. ქალს, თავდასხმის დროს მიღებული ყურის დაზიანების გამო, ნაკერების დადებაც დასჭირდა.
ინციდენტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა. ვროცლავის პოლიცია საქმეს იძიებს და თავდამსხმელების იდენტიფიცირებასა და დაკავებას ცდილობს.
