კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.
კიევში ჩატარებულ აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ“, „ომში არდადეგები არ არსებობს“, „ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც იქ ჩვენთვის დგას“ და „დეპუტატებო, იმუშავეთ“.
საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ლვოვში, ივანო-ფრანკოვსკში, უჟგოროდში, დნიპროში, ხმელნიცკში, ჩერკასში, მიკოლაევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში.
აქციის მონაწილეები მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში 15 ივლისს დაწერა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მან მედიასთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი ჰქონდა.
ცნობისთვის, 21 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ალექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალ ხელმძღვანელად გაერთიანებული ძალების სარდალი მიხაილო დრაპატი დაინიშნა. ზელენსკის განცხადებაში არ იყო განმარტებული, რა გახდა სირსკის გადაყენების მიზეზი.
