17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისთვის და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს სავარაუდოდ ბრალის ოფიციალური დადგენილება დღეს გაეცნობა და სავარაუდოდ, დღესვე ისმჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ირაკლი აბსანძემ “TV პირველს” განუცხადა.
უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ბრალის წარდგენა ალადაშვილის კლინიკაში მოხდება, სადაც ამჟამად არის მოთავსებული დაკავებული.
“გამომძიებელთან კომუნიკაცია კი მქონდა, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის გეაეცნობა ბრალი. ნიკას ჯერ არ შევხვედრილვარ, არც მისი პოზიცია ვიცი და არც საქმის მასალებს ვიცნობ ჯერჯერობით.
დღის განმავლობაში, ალბათ, მოხდება ბრალის წარდგენა და სასამართლოშიც აღკვეთი ალბათ დღეს ჩატარდება. ასე ვფიქრობ მეც”, – განაცხადა ადვოკატმა.
ნიკა კაპანაძე ამ დრომდე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისთვის და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ 42 წლის კაცს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში წაუყენებენ.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე
42 წლის კაცი შანიძის 31-ში, მის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. როგორც ირკვევა, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, თითის ამპუტირება მოხდა, მან დაზიანებები მიიღო ხელის მეორე მტევანზეც. სწორედ აღნიშნული დაზიანებების გამო, მას კლინიკაში ქირურგიული მკურნალობა გაეწია.
